ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისის აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს


დღეს, 19 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტს ადგილზე პოლიციის თანამშრომელმა დაუდასტურა, რომ, სულ მცირე, სამი ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ შესრულებულ პირველ რეისს თბილისში 70-მდე ადამიანი ჩამოჰყვა. თვითმფრინავი 100-მდე მგზავრს იტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველივე რეისზე ბილეთების 70 პროცენტი გაიყიდა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ამ ავიაკომპანიას პირველ რეისზე ბილეთები გაყიდული აქვს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებითაც - საქართველოდან 55 მგზავრი გაფრინდება.

რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ მოსკოვი-თბილისის პირველი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. პარალელურად, აეროპორტის შესასვლელთან რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები მოსკოვი-თბილისის რეისის მგზავრებს საპროტესტო ბანერებით ხვდებიან, ისმის სტვენა და შეძახილები.

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტამდე საავტომობილო მსვლელობით გაემართნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG