ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა


10 მაისიდან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. ბრძანებულება დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

პუტინის გადაწყვეტილებით, უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანება, რომლითაც საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აიკრძალა. რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა კიდევ ერთი ბრძანება, რომლითაც 15 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ რუსეთში ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახარვა ამბობს, რომ ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებაზე დეტალურ ინფორმაციას, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო გაავრცელებს. ამ მომენტისთვის რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინება, რომ რუსული ავიაკომპანიები რუსეთიდან საქართველოში ფრენების აღსადგენად ემზადებიან.

"რუსული ავიახაზები მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან, კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ, სამამულო წარმოების თვითმფრინავებით", - განაცხადა ტრანსპორტის სამინისტრომ.

მარია ზახაროვას თქმით, ამასთან, გაუქმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 21 ივნისის რეკომენდაცია, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტებები გააკეთა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ბრძანებულებაზე, რომელიც 2023 წლის 15 მაისს შედის ძალაში.


„ამ დღიდან, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ საერთაშორისო სამგზავრო მოძრაობისთვის ღია სასაზღვრო გამშვები პუნქტებით უვიზო რეჟიმით, ყოველ 180 დღეში 90 დღემდე - დიპლომატიური, სამსახურებრივი, კერძო, საქმიანი, ტურისტული, ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ასევე მოკლევადიანი ტრენინგებისთვის. ამავე დროს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აპირებენ 90 დღეზე მეტი ვადით სწავლას რუსულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, განახორციელონ შრომითი საქმიანობა, დროებით ან მუდმივად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, ვალდებულნი არიან ვიზებით შევიდნენ რუსეთის ფედერაციაში და დატოვონ იგი“ - თქვა ზახაროვამ.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების განახლებისა და უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის შეესაბამება ჩვენს პრინციპულ მიდგომას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, თანმიმდევრულად გავამარტივოთ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის“, - თქვა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა.
XS
SM
MD
LG