ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტების კოდური სახელები - ვინ არიან "არწივი", "კელტი", "პიონერი" და "მარადმწვანე"?


ამერიკის პრეზიდენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კოდური სახელების მინიჭებას თითქმის 75-წლიანი ისტორია აქვს. საიდუმლო სამსახური, რომელიც მათ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, კოდურ სახელებს თავდაპირველად სწორედ იმიტომ იყენებდა, რომ ელექტრონული კომუნიკაციები ნაკლებად დაცული იყო. ამიტომ, ქვეყნის პირველ პირებს მხოლოდ მათთვის ცნობილი ტოპ-გასაიდუმლოებული სახელებით მოიხსენიებდნენ.

ტრადიცია გრძელდება, თუმცა წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ზოგ, იშვიათ შემთხვევაში საიდუმლო სამსახური პრეზიდენტებს სახელის არჩევის ან შეცვლის უფლებასაც კი აძლევდა. თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა და პრეზიდენტების არჩევანიც შეზღუდული იყო. მათ შედარებით სასურველი კოდური სახელი სააგენტოს მიერ წინასწარ დამტკიცებული სახელების სიიდან უნდა შეერჩიათ. თავიანთ არჩევანს კი ქვეყნის პირველი პირები საჯაროდ იშვიათად ხსნიდნენ. უფრო იშვიათად საუბრობდნენ ამაზე საიდუმლო სამსახურის ყოფილი წევრები. ამიტომ ამ სახელების მნიშვნელობისა თუ წარმომავლობის შესახებ არაერთი ინტერპრეტაცია არსებობს.

შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კოდური სახელი, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე შერჩეულია - „კელტი“. ეს სახელი სავარაუდოდ, მისი ირლანდიური წარმოშობის მიზეზით შეარჩიეს. მისი მეუღლეს, ჯილ ბაიდენს კი, რომელიც ამერიკის ისტორიაში პირველი დოქტორი და პირველი იტალიური წარმოშობის პირველი ლედი იქნება, ასევე წარმოშობის მიხედვით, სახელი „კაპრი“ შეურჩიეს - ნეაპოლის პროვინციის ერთ-ერთი ულამაზესი კუნძულის სახელი.

ამ სახელებს „პირველი“ და „მეორე“ ოჯახები ან პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისშივე იღებენ. რადგან საიდუმლო სამსახური არა მხოლოდ მოქმედი პირველი პირებს, არამედ ამ პოზიციებისთვის მებრძოლი კანდიდატებისა და მათი ოჯახების დაცვას არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყებს.

ჯო ბაიდენისთვის საიდუმლო სამსახურის პროტოკოლი უცხო არ არის, არც ბაიდენია სააგენტოს ახალი „ობიექტი“. ბაიდენს იგივე სახელით მოიხსენიებენ, რაც მას ვიცე-პრეზიდენტობის პოსტზე გატარებული 8 წლის განმავლობაში ჰქონდა.

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კი, როგორც ირკვევა, საკუთარი სახელი თვითონ შეარჩია - პირველი ქალი, პირველი აფრო-ამერიკული და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი საიდუმლო სამსახურისთვის "პიონერი" იქნება.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიისას ამბობდა, რომ სურდა, მისი კოდური სახელი "თავმდაბალი" ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მან სიიდან თავად აირჩია სახელი "მაგნატი". პირველი ლედი მელანია ტრამპი კი "მუზა" იყო. ივანკა ტრამპს სახელით - Marvel - მოიხსენიებდნენ, რაც "გასაოცარს" ნიშნავს, ჯარედ კუშნერი კი "მექანიკოსი" აღმოჩნდა.

თავდაპირველად, საიდუმლო სამსახური პირველ პირებს არჩევანის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა მოგვიანებით, რამდენიმე პრეზიდენტმა, სხვადასხვა მიზეზით, საკუთარი სახელის შერჩევა შეძლო. საინტერესოა, რომ ინგლისური სახელწოდება პრეზიდენტის ოჯახის ყველა წევრისთვის, როგორც წესი, ერთსა და იმავე ასოზე იწყება.

ერთ-ერთი უჩვეულო სახელი ჰქონდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას - რენეგატი, რაც მოღალატეს ნიშნავს, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ობამამ ეს სახელი "R" ასოზე დაწყებული სახელების სიიდან თავად შეარჩია. მიიჩნევა, რომ ეს მის საყვარელ მსახიობ კიფერ საზერლენდსა და ერთ-ერთ საყვარელ, 1989 წლის ფილმს "Renegade"-ს უკავშირდება. მიშელ ობამას კი "რენესანსის" სახელით ახსენებდნენ.

ამბობენ, რომ მისთვის შერჩეული სახელი არ მოსწონდა ამერიკის 43-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უმცროსს. სიტყვა ქართულად "ჭიქას" ნიშნავდა. ზოგი ამას წვეულებებისადმი მის სიყვარულს უკავშირებდა. თუმცა საბოლოოდ, მისი არჩევანის შესაბამისად, საიდუმლო სამსახური მას "გზის გამკვალავს", "ნოვატორს" უწოდებდა.

ერთ-ერთ ყველაზე ირონიულ სახელად დღემდე რიჩარდ ნიქსონის კოდური სახელი მიიჩნევა. სიტყვა, რომელიც მანათობელს, პროჟექტორს, ძლიერ ფანარს, შუქურას აღნიშნავს, პრეზიდენტის სკანდალური კარიერის ფონზე ბევრისთვის ღიმილისმომგვრელი იყო. განსაკუთრებით, როცა "ვოტერგეიტის სკანდალი", რომელიც დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ოფისში შეჭრა-მიყურადებას უკავშირდებოდა, მას პრეზიდენტის სტატუსად დაუჯდა და მის იმიჯსაც სამუდამო ლაქად გაჰყვა.

ირონია არ აკლდა მის შემდგომ პრეზიდენტს - ჯერალდ ფორდსაც, მისი სახელი იმ საიდუმლო და მნიშვნელოვან გასაღებს აღნიშნავდა, რომელზეც ხელი სანდო ადამიანების მხოლოდ მცირე წრეს მიუწვდება. ფორდმა კი მისი წინამორბედის წინააღმდეგ ყველა შესაძლო გამოძიებას კარი არა თუ არ გაუხსნა, პირიქით, ჩაუკეტა კიდეც და ნიქსონი ყველა შესაძლო დანაშაულზე პასუხისგებისგან აბსოლუტური შეწყალებით გაათავისუფლა/დაიცვა.

ერთ-ერთი ყველაზე პატრიოტული სახელი "არწივი" ბილ კლინტონს ხვდა წილად. ზოგი ამას "ბოი სკაუტების" უმაღლეს ტიტულსაც უკავშირებდა. მისი მეუღლე პირველი ლედი კი "მარადმწვანე" იყო. თუმცა 1996 წელს საიდუმლო სამსახურში ალაბთ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ პირველი ლედის მომდევნო 20 წლის განმავლობაშიც არ დატოვებდა პოლიტიკურ ასპარეზს.

სიმბოლოებით დატვირთული იყო კენედების ოჯახის კოდური სახელებიც. ლანსერი - იგივე ლანსელოტი ჯონ კენედის კოდური სახელი იყო. შესაძლოა იმიტომაც, რომ ზოგს მისი ადმინისტრაცია მეფე არტურისეულ მსოფლიოს მოაგონებდა, ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, 43 წლის არჩეული პრეზიდეტი კი - კამელოტის პირველ რაინდს - ლანსელოტს. თუმცა, საიდუმლო სამსახურს, სახელების მნიშვნელობა არც ამ შემთხვევაში აუხსნია.

ჟაკლინ კენედის, რომელიც ისტორიაში დღემდე თეთრი სახლის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ მცხოვრებად მიიჩნევა, სამსახური "მაქმანის" სახელით ახსენებდა. მაქმანები მისი სამოსის ნაწილი ხშირად იყო. განსაკუთრებით ცნობილი კი ის მაქმანებიანი კაბა იყო, რომელიც პირველ ლედის 1961 წელს საფრანგეთში სახელმწიფო ვიზიტისას ეცვა.

ჯიმი კარტერს, რომელიც ამერიკის ყველაზე ხანდაზმული და ცოცხალი პრეზიდენტია, და რომელმაც მხოლოდ ერთი ვადით იმსახურა ამ პოსტზე - „დიაკვანი“ ერქვა. ჯიმი კარტერი უკიდურესად რელიგიური პრეზიდენტი და ბაპტისტუსი ეკლესიის აქტიური წარმომადგენელი იყო. ის პრეზიდენტობის შემდეგაც კი განაგრძობდა საკვირაო სკოლაში სწავლებას.

არჩევანის ნაკლები საშუალება აქვთ პრეზიდენტების ოჯახების წევრებს, თუმცა მათი სახელები შედარებით ნაკლებადაა ცნობილი. საიდუმლო სამსახურისთვის საშა და მალია ობამები კი ასევე "R" ასოთი დაწყებული სიტყვები, რომლებიც ქართულად "ვარდის კოკორსა" და "ნათებას" ნიშნავდა. ისტორიას დარჩა კარტერის ქალიშვილის, ემის სახელიც. უცნობია, რატომ დაარქვეს მას „დინამო“ თუმცა, ის პირველი ბავშვი იყო, რომელიც კენედების შემდეგ თეთრ სახლში ცხოვრობდა, 80-90 იან წლებში კი აქტივიზმში აქტიურად იყო ჩართული.

არანაკლებ უცნაური იყო სიუზენ ფორდის მეტსახელიც - "პანდა" - სიუზენის სკოლის დამთავრების აღსანიშნი წვეულება სააგენტოს დოკუმენტებში სწორედ ასე, "პანდას ბანკეტის" სახელითაა მოხსენიებული. "სიმშვიდეს" უწოდებდნენ პირველ ლედი ბარბარა ბუშს, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა. საიდუმლო სამსახურის ყოფილი აგენტი, ჯონათან უაქროუ მისი სიკვდილის შემდეგ წერდა, რომ მას სწორედ ნაზი, დამამშვიდებელი და ჰუმანური გავლენა ჰქონდა ყველაზე, ვინც მის ირგვლივ იყო.

განმარტებების ნაკლებობის თუ კოდური სახელების შეძლებისდაგვარად გასაიდუმლოების სურვილის გამო ამერიკის პირველი პირებისა და მათი ოჯახის წევრების მეტსახელები კვლავ ბევრს უტოვებს ინტერპრეტაციის საფუძველს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG