ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებმა განიხილეს გზები, თუ როგორ აგებინონ პასუხი რუსეთს, უკრაინაში ჩადენილი "საშინელი" დანაშაულებისთვის. შეხვედრაზე მინისტრებს ამის მისაღწევად სხვადასხვა გზა ჰქონდათ წარმოდგენილი, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ სამართლიანობის აღდგენა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.
27-წევრიანი ბლოკის წევრი ქვეყნების მინისტრები სტოკჰოლმში პარასკევს, 27 იანვარს შეიკრიბნენ. მათი სურვილია ზომების მიღების თაობაზე შეთანხმების მიღწევა 24 თებერვლამდე, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავამდე.
დღესვე, კიევმა კიდევ ერთი მძიმე დაბომბვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ქვეყნის აღმოსავლეთში. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთმა ქვეყნის ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში უკრაინის თავდაცვის ხაზების გარღვევის მცდელობები გააძლიერა და რამდენიმე ადგილზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რაც მეტი დასავლური იარაღის საჭიროებას უსვამს ხაზს.
"მათ აბსოლუტურად პასუხი უნდა ვაგებინოთ იმ საშინელი საერთაშორისო დანაშაულებებისა და სისასტიკეების გამო, რომელსაც უკრაინაში ჩადიან... ეს ნათელი და ცხადი ომის დანაშაულებია",- თქვა ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა, საიმონ ჰარისმა. მინისტრებმა განიხილეს ომის დანაშაულებების მტკიცებულებების შეგროვების საკითხი, რათა რუსეთი ჩადენილი დანაშაულებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალზე გაასამართლონ.
"არავინ, ვინც ასეთ ომის დანაშაულებს სჩადის, თავისუფალი არ უნდა იყოს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მოვძებნოთ გზა, რათა ამ ხალხს პასუხი ვაგებინოთ",- განაცხადა განარ სტრომერმა, შვედეთის იუსტიციის მინისტრმა.