ევროკავშირის ელჩები პარასკევს, 27 იანვარს რუსეთის პარტნიორი ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების გაფართოებას განიხილავენ. ისინი ცდილობენ აღმოფხვრან ის ე.წ. "შავი ხვრელები", რომელთა საშუალებითაც რუსეთზე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ხდება.
ევროკავშირის დიპლომატები ამბობენ, რომ მოლაპარაკებების მიზანი ბელარუსზე და რუსეთზე დაწესებული სანქციების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანაა. მაგალითად, ყურადღების ცენტრშია ბელარუსიდან ნავთობის, ქვანახშირისა და ოქროს ომპორტი ისევე, როგორც ბელარუსში კონკრეტული სამანქანო მოწყობილობებისა და იმ ტექნიკის ექსპორტი, რომელიც შესაძლოა შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენოს.
ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის შემდეგ, მოსკოვს მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა. აკრძალულია მოსკოვთან ზღვაში მოპოვებული ნავთობით, ქვანახშირით, ფოლადით, ოქროთი, ხე-ტყის მასალითა და პოლიეთილენით ვაჭრობა. ასევე, ევროკავშირში აკრძალულია ზღვის პროდუქტების, ალკოჰოლის, სიგარეტის და კოსმეტიკური საშუალებების რუსეთიდან შეტანა.
შეზღუდვები აქვს დაწეესებული ბელარუსსაც, რომელიც მოსკოვს შეჭრის დღიდანვე უწევს დახმარებას და რუსეთის ჯარს უკრაინაზე თავდასხმისთვის საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლებას აძლევს.
ახალი სანქციები სავარაუდოდ მოიცავს თამბაქოს პროდუქტებს, კარტოფილს და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებს, მინერალურ საწვავს და ხის, ფოლადისა და რეზინის მასალებს.
მსგავსი ზომები მოქმედებს ფინანსურ სექტორშიც. ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან ევროთი ვაჭრობა აკრძალულია, შეზღუდულია ბელარუსიდან ფინანსური ნაკადები და 5 ბელარუსულ ბანკთან აკრძალულია გადარიცხვის სისტემა "სვიფტის" გამოყენებაც.
Facebook Forum