გერმანიამ უკრაინას შესაძლოა „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები გაუგზავნოს და ასევე საშუალება მისცეს სხვა ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი, იგივე ნაბიჯი გადადგან. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შესაძლოა „აბრამსის“ ტიპის ტანკები მიაწოდოს. ეს ინფორმაცია სააგენტო „როიტერს“ ამერიკის ორმა ოფიციალურმა წყარომ დაუდასტურა.
ეს ინფორმაცია, სამშაბათს, ოფიციალურ ბერლინს და ვაშინგტონს არ დაუდასტურებია. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა თქვა, რომ ის მოკავშირეების გადაწყვეტილბას, კომენტარის გაკეთებით, წინ არ გაუსწრებს.
მიუხედავად ამისა, კიევში ოფიციალურმა პირებმა უკვე გააკეთეს მისასალმებელი განცხადებები და აღნიშნეს, რომ ეს უკრაინისთვის პოტენციურად შეცვლის თამაშის წესებს ომში, რომელიც უკვე 11 თვეა გრძელდება.
კიევი თვეების განმავლობაში დაჟინებით სთხოვდა დასავლეთს ტანკებს და სხვა მოწინავე მძიმე შეიარაღებას, რათა შეძლონ რუსეთის თავდაცვითი ხაზების გარღვევა და აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.
გერმანიის მთავრობის სპიკერმა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. თუმცა, კანცლერი ოლაფ შოლცი ოთხშაბათს გერმანიის პარლამენტს მიმართავს და სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებაზე ისაუბრებს.
გერმანიის გადაწყვეტილება ეხება „ლეოპარდ 2 A6“ ტანკების მინიმუმ ერთ დანაყოფს, რაშიც, ჩვეულებრივ, 14 ტანკი შედის.
ასევე, გაზეთები „ვაშინგტონ პოსტი“ და „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, უკრაინისთვის „აბრამსის“ ტანკების გაგზავნაზე წინააღმდეგობის მოხსნას განიხილავს. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ამ კვირაში გამოცხადდეს.
პენტაგონს ამ საკთხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
თუ შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება რამდენიმე დღით ადრე გაკეთებული საჯარო განცხადების შეტრიალება. ცოტა სნის წინ ვაშინგტონმა განაცხადა, რომ „აბრამსების“ უკრაინისთვის მიწოდება არაეფექტური იქნება, რადგან ტანკები საავიაციო საწვავზე მუშაობს და მათი ოპერირების სწავლისთვის დიდი დრო არის საჭირო.