უკრაინის მთავრობაში სამსახურიდან 10-ზე მეტი ოფიციალური პირი გაათავისუფლეს, მათ შორის ზოგიერთი ისეთი დასახლების მმართველებიც, სადაც ფრონტის ხაზი გადის. სამშაბათს გამოცხადებული ცვლილებები ყველაზე მასშტაბურია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
უკრაინის მთავრობის იმ წევრებს შორის, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს, ან სამსახურიდან გაათავისუფლეს, არიან: კიევის, სუმის, დნიპროპეტროვსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონების გუბერნატორებიც. ხერსონი და ზაპორიჟია ახლა ფრონტის ხაზზე მყოფი რეგიონებია, კიევისა და სუმის ტერიტორიებზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ომის პირველ პერიოდში მიმდინარეობდა.
ვინც თანამდებობა დატოვა, მათ შორის არიან: უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და რეგიონულ განვითარებაზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილეები.
უკვე ყოფილ თანამშრომელთა ნაწილი, კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების სამიზნეა. უკრაინას საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანას წლების განმავლობაში მოუწოდებენ ებრძოლოს კორუფციას და მხარს უჭერენ არაერთ ანტიკორუფციულ რეფორმას.
"უკვე არის მიღებული გადაწყვეტილებები კონკრეტული პირების თაობაზე, ზოგი დღეს, ზოგი ხვალ - იმ ოფიციალური პირების თაობაზე, რომლებიც სამინისტროებისა და ცენტრალური მთავრობის სტრუქტურების სხვადასხვა საფეხურზე მყოფ პირებს ეხება. ასევე რეგიონებში და სამართალდამცავ უწყებებში", - თქვა ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ, ღამის მიმართვაში.
ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ პრეზიდენტი უსმენს საზოგადოებას და სამართლიანობის მოთხოვნასაც შესაბამისად პასუხობს.
მასობრივი გათავისუფლება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე $400 000-ზე მეტი ოდენობის თანხის მითვისებისთვის დააკავეს - საქმე კი გენერატორების შესაძენად გაფორმებულ სხვადასხვა კონტრაქტს ეხება. ეს ერთ-ერთი პირველი კორუფციული სკანდალია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გასაჯაროვდა.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილე, რომელიც ჯარის მომარაგებაზე იყო პასუხისმგებელი, თავად გადადგა პოსტიდან იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ნდობისთვის ზიანი არ მიეყენებინა. ეს კი მას შემდეგ, რაც მისი თქმით, "მედიაში კორუფციასთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებები გაჟღერდა". ამას შემდეგ კიდევ ერთი გამოცემის მასალა მოჰყვა, სადაც საუბარი იყო სამინისტროს მიერ სურსათში ზედმეტი თანხის გადახდაზე. სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს.