ენდრიუ მაკკაბი აცხადებს, რომ მან 2017 წელსვე მოახსენა კონგრესის წამყვან კანონმდებლებს, რომ ბიუროში პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე კონტრდაზვერვის გამოძიება დაიწყო. მაკკაბის თქმით, მათ შორის რესპუბლიკელი ლიდერებიც იყვნენ: სენატის უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი და წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერი პოლ რაიანი.
მაკკაბი 2016 წლის თებერვლიდან 2018 წლის იანვრამდე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე იყო. 2017 წელს კი, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაუშვა, მაკკაბი თითქმის 3 თვის მანძილზე, 9 მაისიდან 2 აგვისტომდე, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. მაკკაბიმ ბიუროში 21 წელი იმსახურა და ამის შესახებ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა.
დღეს ტელეარხ "ენ-ბი-სის" წამყვანებს მაკკაბიმ უთხრა, რომ ბიუროში კონტრდაზვერვის გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, პროტესტი არცერთ კანონმდებელს გამოუთქვამს. მაკკაბის თქმით, მათ არ ჰქონიათ პრეტენზია იმ ფაქტებთან, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, არც გამოძიების კანონიერებასთან, ან კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.
ორშაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ენდრიუ მაკკაბი და გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენსტინი "მოღალატეობრივ" საქმიანობაში იყვნენ ჩართული. პრეზიდენტის თქმით, ისინი 2017 წელს, მის წინააღმდეგ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლის და კონტრდაზვერვის გამოძიებების გახსნით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას გეგმავდნენ.
როდ როზენსტინი იუსტიციის დეპარტამენტს მარტში დატოვებს. მაკკაბის თქმით, ის ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების ფედერალურ ბიუროში დაწყებულ ორივე გამოძიებას "აბსოლუტურად" მხარს უჭერდა. თუმცა, იმპიჩმენტზე საუბარი არ ყოფილა.
პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, სწორედ როზენსტინმა დაასახელა რობერტ მალერი სპეციალურ გამომძიებლად, რომელიც ტრამპის კამპანიის რუსეთთან შესაძლო კავშირებს შეისწავლიდა. როზენსტინი მაშინ გენერალური პროკურორის - ჯეფ სეშენსის - მოადგილე იყო. სეშენსმა სპეციალური გამოძიების ზედამხედველობაზე უარი თქვა, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს თავადაც ჰქონდა შეხვედრები რუსეთის ყოფილ ელჩთან შეერთებულ შტატებში, სერგეი კისლიაკთან.
მაკკაბი სეშენსმა სამსახურიდან გასულ წელს დაითხოვა, სრული საპენსიო შეღავათების მიღებამდე ერთი დღით ადრე. "ჩემი აზრით, სამსახურიდან იმიტომ გამიშვეს, რომ გამოძიება ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ დავიწყე" - ამბობს მაკკაბი.
ამასობაში, ე.წ. რუსეთის გამოძიების დაწყებიდან 20 თვე გავიდა. სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი იძიებს რუსეთის ჩარევას ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ტრამპის კამპანიის შესაძლო გარიგებას კრემლთან და კიდევ, პრეზიდენტ ტრამპის მიერ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის შესაძლო ხელის შეშლის საქმეს.
მალერის გამოძიებამ ბრალი უკვე წაუყენა ბევრ ადამიანს, მათ შორის ტრამპის ვიწრო წრის 5 წარმომადგენელია: მაიკლ ფლინი, ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი; პოლ მანაფორტი, საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი; მისი მოადგილე, რიკ გეიტსი; ჯორჯ პაპანდოპულოსი, ყოფილი მრჩეველი საგარეო საკითხებში და მაიკლ კოენი, ტრამპის პირადი ადვოკატი. გამოძიებამ დაკითხვაზე გამოიძახა ტრამპის დიდი ხნის თანამებრძოლი და მრჩეველი როჯერ სტოუნიც.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი კამპანიის რუსეთთან თანამშრომლობას თავიდანვე უარყოფდა. ის მალერის გამოძიებას გამუდმებით "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს.
Facebook Forum