ე.წ. მალერის გამოძიებაში დღეს მოვლენების ახალ განვითარებას ელიან. ფედერალური სასამართლო გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მაიკლ ფლინის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მრჩევლის დაპატიმრება.
სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა ღირებული თანამშრომლობის გამო, ბრალდებულს სასამართლოში უშუადგომლა და მისი დაკავების აცილება ითხოვა. მაგრამ, ამასთანავე ირკვევა, რომ ფლინი გამოძიების ფედერალურ სააგენტოსთან დაკითხვაზე, რუსეთის მოქალაქეებთან კონტაქტების თაობაზე ცრუ ჩვენებებს იძლეოდა.
ფლინის დაცვა აცხადებს, რომ გამომძიებლებმა 2017 წლის დაკითხვაზე ის ადვოკატების გარეშე დაკითხეს. შესაბამისად, მათ ვერ მოასწრეს პრეზიდენტის მრჩევლის გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ტყუილის თქმა ფედერალურ გამომძიებლებთან დანაშაულია და კანონით ისჯება. პროკურორების თქმით, ფლინს "არ სჭირდებოდა გაფრთხილება იმისთვის, რომ ფედერალურ აგენტებთან სიმართლის თქმის მნიშვნელობა სცოდნოდა".
გადამდგარმა გენერალმა მაიკლ ფლინმა თავი დამნაშავედ უკვე ცნო და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. დღეს მას პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" შეეხმიანა და ფლინს სასამართლოზე იღბალი უსურვა. "საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რა აქვს მას სათქმელი, იმის მიუხედავად, რომ მასზე უზარმაზარი ზეწოლაა რუსეთთან შეთქმულების გამო, ჩვენი დიდებული და აშკარად ძალიან წარმატებული პოლიტიკური კამპანიის დროს" - დაწერა ტრამპმა სასამართლომდე რამდენიმე საათით ადრე.
Facebook Forum