დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის (2016 წ.) ყოფილი თავმჯდომარე პოლ მანაფორტი გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევს, რითაც ის გამოძიებასთან თანამშრომლობის შეთანხმებას არღვევს. ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა რობერტ მალერის ოფისმა ორშაბათს საღამოს. მალერი ვაშინგტონის საგანგებო გამომძიებელია, რომლის ჯგუფი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის რუსეთთან შესაძლო თანამშრომლობას იძიებს.
გამოძიებასთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ პოლ მანაფორტმა, რომელსაც სხვადასხვა ფინანსური დანაშაულის გამო 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის, ძიებას კითხვებზე "მართალი" და "ამომწურავი" პასუხები უნდა გასცეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუხსნიან მას რამდენიმე ბრალდებას და შეუმსუბუქდება დანაშაულით გათვალისწინებული სასჯელი.
მალერის ოფისი აცხადებს, რომ მანაფორტი ცრუობს, რითაც ის არღვევს შეთანხმებას და ფედერალურ კანონს. განცხადებაში არ არის დაზუსტებული, თუ რის შესახებ იტყუება ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, მაგრამ ნათქვამია, რომ დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
პოლ მანაფორტის ადვოკატები ბრალდებებს უარყოფენ. ის ამჟამად დაკავებულია და განაჩენს ელოდება. მანაფორტის იზოლირება გამოძიების პროცესში მოწმეებზე ზეწოლის გამო გადაწყდა.
Facebook Forum