ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, შესაძლოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის მუხლი გააუქმოს ან შეცვალოს, რომლიც გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებს იცავს და მათ დამოუკიდებლობას განაპირობებს. მთავარი მიზეზი უსაფრთხოებაა, რომელსაც ხშირად ის ალგორითმი არ ითვალისწინებს, რომლსაც ესა თუ ის კომპანია საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
"ფეისბუქს შეუძლია ამოიცნოს ის პირები, რომლებიც ე.წ. თეთრების (ანუ, თეთრკანიანების) უპირატესობას უჭერენ მხარს და მათ სპეციალური ჯგუფები შესთავაზოს. იუთუბს შეუძლია ამოიცნოს ის პირები რომლებიც არიან ანტივაქსერები და მათ ამ მხრივ მომზადებული ვიდეო კონტენტი დამატებით მიაწვდინოს. ტვიტერზე კი შესაძლოა უცხო ქვეყნის აგენტების მიერ წამოწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაში მილიონობით ადამიანი ისე ჩართოს, რომ მინიშნება არსად იყოს. ეს არასწორია," - ამბობს მაიკ დოილი დემოკრატი კონგრესმენი პენსილვანიიდან.
ის, რაზეც დემოკრატი კონგრესმენი ამ შემთხვევაში მიუთითებს, ალგორითმია. მათემატიკური კოდი რომელიც, მისი შემქმნელის ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს. კოდი, რომელიც ფეისბუქს, ტვიტერს და გუგლს გააჩნიათ მიზნად ისახავს მომხმარებელი რაც შეიძლება დიდხანს დატოვოს პლატფორმაზე და ამისათვის ალგორითმი ამა თუ იმ ადამიანს სთავაზობს მხოლოდ მისთვის საინტერესო კონტენტს. კონგრესმენის ნათქვამი, რომ გავაგრძელოთ, მაგალითად, თუ თქვენ ანტივაქსერი ხართ, ან უბრალოდ რამდენჯერმე ნახეთ ვაქცინების საწინააღმდეგო ვიდეო, ამა თუ იმ სოციალური ქსელის ალგორითმი თქვენ მომდევნო საათების და დღეების განმავლობაში ამ სახის კონტენტს ხშირად მოგაწვდით. ეს კი თქვენში კონკრეტული აზრის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
"ბატონო მარკ, ბატონო პიჩაი და ბატონო დორსი- თქვენი კომპანიები ე.წ. მეგაფონები არსებული პრობლემების გაღვივებას და ფართოდ გავრცელებას ახდენენ. თქვენი ბიზნეს მოდელები რეალურად პრობლემას წარმოადგენს. უნდა დასრულდეს ე.წ. თვითრეგულირების დრო. Დროა, შევცვალოთ ჩვენი მიდგომა და შევქმნათ საჭირო კანონმდებლობა,"- თქვა ფრანკ პალონემ, რომელიცდემოკრატი კონგრესმენია ნიუ-ჯერსიდან.
სად გადის ზღვარი კომპანიების ინტერესსა და ამა თუ იმ პლატფორმაზე მომხმარებლის ინფორმაციულ უსაფრთხოებას შორის? ეს არის მთავარი კითხვა რომელზე პასუხის გაცემასაც ამერიკელი კონგრესმენები ცდილობენ. ზღვარის გავლება კი ამ შემთხვევაში რთული პროცესია. ხშირად ალგორითმი ავრცელებს ისეთი ინფორმაციის შემცველ ნაკადს, რომელიც მოსახლეობაში მცდარი აზრის დანერგვას უწყობს ხელს. Თუმცა, კონტენტი რომელიც მცდარ ან მიზანმიმართულ ტყუილზეა დაფუძნებული, მესამე მხარის მიერ შექმნილია, რაზეც პასუხისმგებლობას არცერთი გიგანტი ტექნოლოგიური კომპანია არ იღებს. ფეისბუქიც, ტვიტერიც და გუგლიც ამბობენ, რომ ამ კომპანიების მენეჯერები საკუთარი ძალებით, წესებით და საშუალებებით იბრძვიან დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ. თუმცა აქვე ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მათი პრობლემა არ არის.
"ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ სოციალური პლატფორმები საზოგადოების პოლარიზებას ახდენს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. რეალურად კვლევებით და მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ ამერიკაში და მსოფლიოში პოლარიზება იმ წლებში დაიწყო როცა სოციალური მედია არ არსებობდა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ალგორითმი მათ კვებავს ისეთი ამბებით, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს. არც ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რადგან ამ კონტენტს ჩვენ არ ვქმნით. ეს ვითარება, რაშიც დღეს ვართ, რეალურად პოლიტიკის და მედიის ბრალია, სწორედ მათი ქმედებების გამოა დაყოფილი საზოგადოება,"-აცხადება ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი.
პრობლემის არსებობს აღიარებენ "ტვიტერშიც" თუმცა მისი მოგვარების სხვა გზებზე საუბრობენ.
"დეზინფორმაცია ფართო კონცეფციაა და ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რა არის რეალური პრობლემა. ჩვენ ამისთვის ბევრს ვმუშაობთ და მუდმივად ვცვლით წესებს და ვაწესებთ დამატებით მექანიზმებს,"- ამბობს ჯერ დორსი, რომელიც "ტვიტერის" დამფუძნებელია.
"გუგლში" მიაჩნიათ, რომ პრობლემა მასშტაბურია და მომდინარე ინფორმაციის ნაკადის დროული დამუშავება ვერ ხდება.
"ეს ნამდვილად დიდი გამოვევაა და ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. თუმცა ნაკადი ძალიან დიდია, დღეში 500 საათზე მეტი მხოლოდ ვიდეო იტვირთება იუთუბზე, ამას გარდა, სხვა კონტენტიც ვრცელდება, დრო ცოტაა, მასალა დიდი, რაც ართულებს დროულ რეაგირებას,"- აცხადებს სუნდარ პიჩაი რომელიც "გუგლის" გენერალური დირექტორია.
ფაქტია, რომ სოციალური მედია მილიარდობით მომხმარებელს და კონტენტს წლების განმავლობაში ბლოკავს და შლის პლატფორმიდან, თუმცა ნაკადი დიდია და მისი გაფილტვრა ხშირად დროულად ვერ ხდება. წესები, ინსტრუმენტები და რეგულაციები ყოველთვიურად ახლდება, თუმცა ფაქტია, რომ ეს საკმარისი არ არის.
ერთის მხრივ, კომპანიები დეზინფორმაციას ებრძვიან, მეორეს მხრივ კი ალგორითმი, სანამ არასწორი ინფორმაციის შემცველი კონტენტი განადგურდება, მის გავრცელებას ხელს უწყობს, იმ მიზნით, რომ თქვენ რაც შეიძლება დიდხანს დაგტოვოთ პლატფორმაზე.
ტექნოლოგიური კომპანიები ამბობენ, რომ პრობლემა მათში არ არის, კანონმდებლები კი ფიქრობენ, რომ მათ უკეთ შეუძლიათ ეფექტური მექანიზმების მიღება. ამიტომ არ არის გამორიცხული შეიცვალოს ამერიკის კანონმდებლობა. კერძოდ საუბარია 230-ე შესწორებაზე, რომელიც გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებს ათავისუფლებს პასუხისმგებლობიდან მესამე მხარის მიერ შექმნილ კონტენტზე.
"მე დიდი ხანია ვსწავლობ როგორ მუშაობს თქვენი კომპანიები. თქვენი მიზანია ადამიანი დიდხანს დარჩეს პლატფორმაზე და ამით თქვენ დიდი შემოსავალი მიიღოთ. მე დავინტერესდი, თუ რას ფიქრობს ხალხი თქვენს მიერ შემუშავებულ წესებთან დაკავშირებით და გამოკითხვა ჩავატარე. 82 პროცენტი არ იზიარებს თქვენს წესებს და მიაჩნიათ, რომ არასწორად ოპერირებთ," - ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდიდან გას ბილიკრაკი.
5 საათიანი შეხვედრა, რომელიც 25 მარტს გაიმართა ადასტურებს, რომ სხვადასხვა მიზეზებით კონგრესმენები თანხმდებიან, რომ კანონმდებლობა მოძველდა და მისი შეცვლა უნდა მოხდეს. თუმცა ექსპერტების აზრით, პროცესი სენსიტიურია და კანონმდებლებს ვიწრო ხაზზე გავლა მოუწევთ. ტექნოლოგიური კომპანიები კი ფიქრობენ, რომ პრობლემას ერთობლივად უნდა ებრძოლონ და კანონმა გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეზღუდოს.
Facebook Forum