ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ხერსონი და დონეცკი კიდევ ერთხელ დაბომბა, არის მსხვერპლიც


სულ მცირე ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონის დაბომბვისას, სადაც მოსკოვი ბოლო კვირებში შეტევას ახორციელებს, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვადიმ ფილაშკინმა, 30 ივლისს.

"29 ივლისს, რუსებმა დონეცკის რეგიონის ოთხი მცხოვრები მოკლეს - სამი ტორეცკში და ერთი ჰროდივკაში. კიდევ ხუთი ადამიანი, რეგიონში, დღის განმავლობაში დაშავდა", - წერს ფილაშკინი "ტელეგრამში".

რუსეთის ძალებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დონეცკში, ტორეცკისა და სამთო ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით შეტევები გააძლიერა.

„ქალაქი ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრშია“, - უთხრა "რადიო თავისუფლებას" პოკროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი დობრიაკმა.

უკრაინელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა 30 ივლისს განაცხადეს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, 149 ახლო საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათი უმეტესობა პოკროვსკის მიმართულებით, სადაც უკრაინულმა ძალებმა 52 რუსული შეტევის მოგერიება შეძლეს.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად, ხერსონის სამხრეთ რეგიონში რვა ადამიანი დაიჭრა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა ჩორნობაივკაში, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე პროკუდინმა "ტელეგრამზე".

"რუსი სამხედროების სამიზნე იყო კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტები და პორტის ინფრასტრუქტურა; რეგიონის დასახლებების საცხოვრებელი კვარტლები, კერძოდ, მრავალსართულიანი შენობა და 24 კერძო სახლი. ასევე, დაზიანდა გაზსადენები“, - თქვა მან. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული აგრესიის შედეგად, რვა ადამიანი დაიჭრა.

რუსეთში, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ ოთხი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს რეგიონის თავზე, 30 ივლისს.

სმირნოვის თქმით, რაკეტები ჩამოაგდეს რეგიონის ოქტიაბრსკის და კურჩატოვსკის რაიონებში. სოციალურ ქსელში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ასევე განაცხადეს, რომ აფეთქება მოხდა ქალაქ კურსკის თავზე. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. უკრაინას, ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება კი ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG