ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვაგნერი" აცხადებს, რომ მალიში აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში დანაკარგები აქვს


რუსეთის დაქირავებულმა მებრძოლთა ჯგუფმა „ვაგნერმა“ ორშაბათს განაცხადა, რომ მის მებრძოლებს და მალის ჯარისკაცებს დანაკარგი ჰქონდათ, ტუარეგის მეამბოხეებთან მძიმე ბრძოლებში.

მალი, სადაც 2020 და 2021 წლებში გადატრიალების შედეგად სამხედრო ხელისუფლებამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მრავალი წელია ისლამისტურ აჯანყებას ებრძვის. მალის ხელისუფლების თქმით, იქ რუსული ძალები არიან არა "ვაგნერის" წევრები, არამედ გადამმზადებლები, რომლებიც ადგილობრივ ჯარებს რუსეთიდან შეძენილი აღჭურვილობით ეხმარებიან.

აჯანყებულთა მოძრაობამ, "მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების მუდმივმა სტრატეგიულმა ჩარჩომ" (CSP-PSD), შაბათს განაცხადა, რომ სასაზღვრო ქალაქ ტინზაუატენში შეტაკების დროს მიითვისა ჯავშანტექნიკა, სატვირთო მანქანები და ტანკერები.

განცხადებაში, რომელიც "ვაგნერმა" გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ მისი ძალები 22-27 ივლისს იბრძოდნენ მალის ჯარისკაცებთან ერთად და რომ "ვაგნერის" მებრძოლებს მეთაურობდა სერგეი შევჩენკო, ზემდეტსახელად "ტბა". მათი თქმით, ბრძოლა ტინზაუატენთან ახლოს მიმდინარეობდა.

„პირველ დღეს „ტბის" ჯგუფმა გაანადგურა ისლამისტების უმეტესი ნაწილი. თუმცა, ქვიშის ქარიშხალმა რადიკალებს საშუალება მისცა გადაჯგუფებულიყვნენ და რაოდენობა 1 000 ადამიანამდე გაეზარდათ", - ნათქვამია განცხადებაში.

"ვაგნერმა" თქვა, რომ მისმა მებრძოლებმა კვლავ მოიგერიეს თავდასხმა, მაგრამ მეამბოხეების მასიური ცეცხლის შედეგად იყო დანაკარგები როგორც "ვაგნერის" წევრების, ისე მალის ჯარს შორის.

"ვაგნერის" ჯგუფის ბოლო გზავნილი 27 ივლისს გავრცელდა: "სამნი დავრჩით. ვაგრძელებთ ბრძოლას." სამხედრო დაჯგუფების ინფორმაციით, შევჩენკო მოკლეს.

XS
SM
MD
LG