ჩინეთის ლიდერებმა მთავარი ეკონომიკური ფორუმი გადადეს, რომელზეც ტრადიციულად, ქვეყნის სამომავლო ეკონომიკურ კურსს განსაზღვრავენ. მიზეზი სავარაუდოდ, კოვიდ-19-ის ინფექციის მზარდი გავრცელებაა, რაც ერთი კვირის წინ, "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკის უმკაცრესი ზომების შემსუბუქებას მოჰყვა. ინფორმაციას "ბლუმბერგის" პუბლიკაციაზე დაყრდნობით, სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
საავადმყოფოებთან გრძელი რიგები ინფექციების ზრდაზე მიუთითებს. პეკინი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევებმა კლება დაიწყო, მაგრამ ეს შესაძლოა ბოლო კვირებში ტესტირების მოცულობის შემცირებას უკავშირდებოდეს.
სამდღიან სხდომას, ეკონომიკის სფეროს ლიდერებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პრეზიდენტი სი ძინპინი და პოლიტბიუროს წევრებიც უნდა დასწრებოდნენ. ამგვარი შეხვედრები როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სხდომაზე ჩინეთის ეკონომიკის 2023 წლის სამომავლო კურსი უნდა განსაზღვრულიყო.
სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. სპეციალისტების ვარაუდით, მომავალ შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერები ეკონომიკის სტიმულირების ახალ პაკეტს დაამტკიცებენ და სამდღიან სესიაზე ეკონომიკის ზრდის წამყვან სამიზნეებზე იმსჯელებენ.
Facebook Forum