ჩინეთის ხელისუფლებამ კოვიდთან დაკავშირებული უმკაცრესი ზომების ნაწილი შეამსუბუქა. ამის მიზეზი უდიდესი საპროტესტო ტალღა გახდა, რომელიც რეგულაციების გამკაცრებას მოჰყვა შედეგად და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები პრეზიდენტ სი ძინპინის გადადგომასაც კი მოითხოვდნენ.
ქვეყნის მთავრობას პროტესტის შესახებ, ან პრეზიდენტის კრიტიკის თაობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გადაწყვეტილება რეგულაციების ნაწილის შემსუბუქების თაობაზე, დემონსტრაციების შემდეგ იქნა მიღებული. თუმცა ანალიტიკოსების აზრით, მაინც ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას შეცვლის.
ასევე, უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს საპროტესტო გამოსვლებისას. დემონსტრაციები პარასკევს დაიწყო და ყველაზე მასშტაბური პეკინსა და შანხაიში გაიმართა.
ქალაქ პეკინის ხელისუფლებამ ორშაბათს განაცხადა, რომ იმ საცხოვრებელ კორპუსებში შესვლას, სადაც კოვიდ-ინფიცირებული მოქალაქეები ცხოვრობენ, სპეციალური ღობეებით აღარ აკრძალავს. მთავრობა ასევე არ საუბრობს იმ ხანძრის შესახებ, რომელიც პროტესტს წინ უძღოდა. არსებობს ეჭვები, რომ დაღუპულები და მეხანძრეები სახლიდან სწორედ კოვიდრეგულაციების გამო არსებული შემზღუდავი ნაგებობების და ჩაკეტილი კარის გამო ვერ გამოდიოდნენ. ამავე ქალაქში, ინფექციის გავრცელების დაბალი რისკის გამო ბიზნესების ნაწილი კვლავ გაიხსნება და საჯარო ტრანსპორტიც განაახლებს მუშაობას.
"[შენობებში] შესასვლელები უნდა დარჩეს თავისუფალი, რათა ხელი არ შეეშალოს სამედიცინო ტრანსპორტირებას, ადგილის დატოვების გადაუდებელ საჭიროებას და გადარჩენის ღონისძიებებს", - განაცხადა ქალაქის მერიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, უანგ დაგუანგმა, რომელიც ეპიდემიური კონტროლის მიმართულებაზეა პასუხისმგებელი.
ამასთან, ინფიცირების ერთ-ერთი ეპიცენტრია ჩინეთის სამხრეთით მდებარე საწარმოო და სავაჭრო რეგიონი. რეგულაციების ნაწილი აქაც შემსუბუქდა და გამოცხადდა, რომ მოქალაქეები აღარ იქნებიან იძულებულნი, მასობრივი ტესტირება გაიარონ. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ რესურსების დაზოგვის მიზნით ახსნა.
"ნულოვანი კოვიდი" - ეს ჩინეთის სტრატეგიაა, რომლის მიზანიც ყველა ინფიცირებული მოქალაქის სრული იზოლაციაა. ეს ერთი მხრივ კოვიდ-ინფიცირების რიცხვებს იმაზე დაბალ ნიშნულზე ინარჩუნებს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა დიდ ქვეყანაში. თუმცა ამ პოლიტიკით მილიონობით ადამიანი თითქმის 4 თვეა კვლავ სახლებშია გამოკეტილი. ბევრი მათგანი საკვებისა და სამედიცინო პროდუქტების სიმცირეზეც საუბრობს.
მთავრობა პირობას დებს, რომ კარანტინთან დაკავშირებული რეგულაციები შემსუბუქდება. თუმცა მოქალაქეების ნაწილს ამ რეგულაციების მირებაც აღარ სურს. ორშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კოვიდ-ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 40,347-მდე გაიზარდა, მათგან 36,525 მოქალაქეს ვირუსი სიმპტომების გარეშე აქვს.