ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში მინიმუმ 17 მილიონს განუვითარდა პოსტკოვიდური მდგომარეობა


პანდემიის პირველი ორი წლის განმავლობაში ევროპაში მინიმუმ 17 მილიონ ადამიანს განუვითარდა პოსტკოვიდური მდგომარეობა - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესრელიზში, რომელიც 13 სექტემბერს გამოქვეყნდა. ახალი მოდელირება ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის და ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მომზადდა.

კვლევა ცხადყოფს, რომ 2020-2021 წლებში ჯანმოს ევროპის რეგიონის 53 წევრ ქვეყანაში სულ მცირე, 17 მილიონ ადამიანს, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ჰქონდა პოსტკოვიდური მდგომარეობა, რომელიც ასევე ცნობილია ხანგრძლივი კოვიდის სახელით. ამასთან, ინფიცირების ზრდასთან ერთად, ახალი შემთხვევები 2021 წელს 307%-ით გაიზარდა.

პოსტკოვიდური მდგომარეობის განვითარების რისკი გაცილებით მაღალია კოვიდ-19-ის ისეთი რთული ფორმების შემდეგ, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ქალებს ის ორჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ ვიდრე მამაკაცებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხანგრძლივი კოვიდი განუვითარდა ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეხუთე მამაკაცს.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ადამიანების უმეტესობა კოვიდ-19-საგან სრულად ჯანმრთელდება და ინფექცია კვალს არ ტოვებს. მათგან მხოლოდ 10-20%-ს უვითარდება სხვადასხვა საშუალო ან გრძელვადიანი სიმპტომები. პოსტკოვიდური მდგომარეობა პირდაპირ და ირიბად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, იზღუდება მისი ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა პროფესიული ან საყოფაცხოვრებო სამუშაო.

ხანგრძლივი კოვიდი ჩვეულებრივ ვითარდება კოვიდ-19-ით ინფიცირებიდან სამი თვის განმავლობაში. პოსტოვიდური მდგომარეობის სიმპტომები უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში და მათი ალტერნატიული დიაგნოზით ახსნა შეუძლებელი უნდა იყოს.

დამატებითი ინფორმაციის გაცნობა პოსტკოვიდური მდგომარეობისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, თუ მკურნალობის და პრევენციის მეთოდებზე, შესაძლებელია "ამერიკის ხმის" რუბრიკაში "გალილეო".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG