ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანგრძლივი კოვიდი - რას ამბობს უახლესი კვლევები


პოსტ-კოვიდის სიმპტომების მქონე ახალგაზრდა პაციენტს ისრაელში, თელ-ავივის ილიჩოვის საავადმყოფოში ექიმი სინჯავს. 21 თებერვალი, 2022 წ.
პოსტ-კოვიდის სიმპტომების მქონე ახალგაზრდა პაციენტს ისრაელში, თელ-ავივის ილიჩოვის საავადმყოფოში ექიმი სინჯავს. 21 თებერვალი, 2022 წ.

რამდენს ემართება?

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კოვიდგადატანილ პაციენტთა 43%-ს დაავადების სიმპტომები დიაგნოზიდან 4 თვის შემდეგაც აღენიშნება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთაც უკვე გამოქვეყნებული 50 სამეცნიერო კვლევა შეაჯამეს.

ინფიცირებიდან 28 დღის შემდეგ, თითქმის 1.7 მილიონი ადამიანის ჯანმთელობის ანალიზმა აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში პოსტ-კოვიდის სიმპტომები 54%-ს ჰქონდა, არაჰოსპიტალიზებულებში - 34%-ს. აზიის ქვეყნებში - 51%-ს, ევროპაში - 44%-ს, ჩრდილოეთ ამერიკაში - 31%-ს.

ნაშრომში შესული მონაცემები მოიცავს 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 13 მარტამდე პერიოდს. კვლევა 16 აპრილს გამოქვეყნდა სამეცნიერო გამოცემაში „ინფექციურ დაავადებათა ჟურნალი“.

ხანგრძლივი კოვიდის, იგივე პოსტ-კოვიდის მონაცემები არამარტო კონტინენტების, არამედ ცალკეული ქვეყნების მიხედვით მკვეთრად განსხვავებულია. გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის ოფისის (2022 წლის 31 იანვრის) მონაცემებით, ხანგრძლივი კოვიდი 40-ში ერთ ადამიანს ემართება. დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ამბობს, რომ მათ კოვიდ-19-ის სიმპტომები 3 თვეზე უფრო დიდხანს გაუგრძელდათ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალის მეცნიერების კვლევის მიხედვით, ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები (PASC-Post Acute Sequelae of COVID-19) მათ ამერიკელ კოვიდგადატანილთა 30%-ში აღრიცხეს. დაკვირვება 1 038 ადამიანზე მიმდინარეობდა, რომლებიც საამბულატორიო პროგრამაში 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე იყვნენ აღრიცხული. აქედან ხანგრძლივი კოვიდი 309 პაციენტს აღენიშნა.

რა სიმპტომები ჭარბობს?

პოსტ-კოვიდის სიმპტომები უმეტესად უვითარდება ადამიანებს, რომელთაც წარსულში აქვთ ჰოსპიტალიზაციის ისტორია, ასევე - დიაბეტი და ჭარბი წონა. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ ვერ აღმოაჩინა კორელაცია ეთნიკურ, ასაკობრივ, ან სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსთან, რაც როგორც წესი, ამერიკულ მოსახლეობაში კოვიდ-19-ის სიმწვავესთან, გართულებებთან და სიკვდილობის შანსთან ასოცირდებოდა.

ამერიკული კვლევის მიხედვით, პაციენტებში ყველაზე ხშირი იყო დაღლილობის შეგრძნება - 31%. შემდეგ მოდის ყნოსვის დაკარგვა - 16% და სუნთქვის უკმარისობა - 15%.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალის მეცნიერთა ნაშრომი 7 აპრილს გამოქვეყნდა. მისი დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო გამოცემაში „ზოგადი შინაგან სნეულებათა ჟურნალი“.

ბრიტანული სტატისტიკის მიხედვით, 65% ამბობს, რომ ხანგრძლივმა კოვიდმა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა იქონია. 18%-ის თქმით, მათ ყოველდღიური აქტივობები შეეზღუდათ. სიმპტომებს შორის იქაც 51%-ით დაღლილობა ჭარბობს, შემდეგ მოდის სუნთქვის უკმარისობა - 35%, ყნოსვის დაკარგვა - 34%, გემოს და კონცენტრაციის უნარის დაკარგვა - 25-25%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანული მონაცემები არა ექიმების დაკვირვებას, არამედ პაციენტების თვითაღწერილობას ეყრდნობა.

იტალიელ მეცნიერთა ჯგუფი, ექიმ მიშელ სპინიჩის ხელმძღვანელობით, ფიქრობს, რომ კოვიდ-19-ის ვარიანტების მიხედვით, ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები განსხვავებულია. მაგალითად, ალფა ვარიანტის დომინირების დროს ჭარბობდა ქოშინი, სუნთქვის გაძნელება (42%), ვუჰანის ორიგინალური ვირუსის დროს კი - დაღლილობა (37%).

ფლორენციის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევა ჯერ სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება მისი ნაშრომის და სამეცნიერო კონფერენციებზე პრეზენტაციების შესახებ შესაძლებელია ჯანდაცვის სპეციალისტთათვის განკუთვნილი ონლაინ-გამოცემა „მედსკეიპის“ მასალის საშუალებით.

რა იწვევს?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მეცნიერებს ჯერ არ აქვთ. ჯერჯერობით აუხსნელია, როგორ შეიძლება, რომ ვირუსულმა ინფექციამ, რომელმაც ბევრისთვის სწრაფად და იოლად ჩაიარა, დატოვოს ხანგრძლივი და რთული სიმპტომები თვეების და რიგ შემთხვევებში, წლების შემდეგაც, რაც ადამიანს ზოგჯერ სრულყოფილად ცხოვრების საშუალებას აღარ აძლევს.

მეცნიერები ხანგრძლივი კოვიდის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, რამდენიმე მიმართულებაზე კონცენტრირდებიან, რომლებიც ყველაფერთან ერთად, ურთიერთგამომრიცხავი არ არის. მათ შორის სახელდება: იმუნური სისტემის პრობლემები; სისხლის შედედება და სისხლძარღვთა დაზიანება; მეტაბოლური პრობლემები; ქრონიკული, სისტემური ინფექცია; ვირუსის უშუალო ზემოქმედება კონკრეტულ ორგანოზე, ან ქსოვილზე; ჟანგბადის ნაკლებობა და სხვა.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა უახლესი ნაშრომის მიხედვით, კოვიდ-19-ის მქონე ყოველი მე-7 პაციენტის განავალში ვირუსის გენეტიკური ნაშთების პოვნა დიაგნოზიდან 4 თვის შემდეგაც შეიძლება. პაციენტთა 4%-ში ვირუსის რიბონუკლეინმჟავა ფეკალიებში 10 თვის შემდეგაც კი იპოვეს. ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტს ვირუსის გავრცელება შეუძლია, თუმცა კვლევის შედეგებმა მეცნიერები შესაძლოა მომავალში ხანგრძლივი კოვიდის მიზეზებზე გაიყვანოს.

„რეალურად არავინ იცის, თუ რა იწვევს ხანგრძლივ კოვიდს“ - ამბობს ექიმი, პროფესორი და კვლევის თანაავტორი ემი ბჰატი სტენფორდის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში. თუმცა, ნაშრომი აჩვენებს, რომ ვირუსს „სარს-კოვ-2 შეუძლია ნაწლავებში თვეობით მიმალვა. შესაძლოა, ხანგრძლივი კოვიდი და მისგან გამოწვეული სიმპტომების ფართო სპექტრიც, იმუნური სისტემის პასუხის ბრალი იყოს ვირუსულ ცილებზე, რომლებიც სხეულის რეზერვუარებშია ჩამალული“ - ამბობს პროფესორი ბჰატი.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომი 12 აპრილს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „სელი“ (ითარგმნება, როგორც უჯრედი). ეს პირველი ამ ტიპის კვლევაა, რომელიც ადასტურებს, რომ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდ-19-ის შემთხვევაშიც კი, ადამიანის ფეკალიის ნიმუშებში კორონავირუსის გენეტიკური ნარჩენები თვეების მანძილზე რჩება.

მკურნალობა და პრევენცია

ფარმაცევტული კომპანიები უკვე მუშაობენ ხანგრძლივი კოვიდის სამკურნალო საშუალებებზე. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ 25 მარტს იუწყებოდა, რომ მეცნიერები პოსტ-კოვიდის მედიკამენტების შექმნაზე მუშაობას შეუდგნენ.

ეს ერთგვარი „მოძრავი სამიზნეა“, რომელიც 100 მილიონზე მეტ ადამიანში ასობით სხვადასხვა სიმპტომს მოიცავს და რომელთა გამომწვევი მიზეზებიც ჯერ დადგენილი არ არის. თუმცა, ადეკვატური მკურნალობის შერჩევა მიუღწეველ მიზნად მაინც არ ითვლება.

იმ კომპანიებს შორის, რომლებიც თადარიგს უკვე იჭერენ, სახელდება „გლაქსო-სმით-კლაინი“, „ვირ-ბიოტექნოლოგია“, „ჰუმანიჯენი“, „ფაიზერი“ და „როშე“. გაერთიანებული სამეფო აფინანსებს კვლევას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, სადაც 4 500 ხანგრძლივი კოვიდის მქონე პაციენტზე 4 სხვადასხვა პრეპარატს ცდიან.

რაც შეეხება პრევენციას, თანდათან იზრდება მტკიცებულებათა რაოდენობა, რაც მიუთითებს, რომ ვაქცინაცია ხანგრძლივი კოვიდის რისკსაც ამცირებს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ წინასწარი, პირველადი შედეგებია, თუმცა, ძირითადად - თანმიმდევრული. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ერთ-ერთი უახლესი ანალიზის მიხედვით, კოვიდ-19-ზე სრულად აცრილებში ხანგრძლივი კოვიდი უფრო იშვიათია, ვიდრე აუცრელებში.

შეერთებული შტატების, ისრაელის და ბრიტანეთის რამდენიმე შემაჯამებელი კვლევის მონაცემებით, აცრილებში პოსტ-კოვიდის სიმპტომების რისკი საშუალოდ 50%-ით ნაკლებია. ისრაელში ჩაატარებული კვლევის მიხედვით კი ეს მონაცემი მთელ რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო მაღალია. მათ შორის, ვინც კოვიდ-19-ის ვაქცინით ორჯერ ან სამჯერ აიცრა, ზოგჯერ 80%-მდე ნაკლები შანსია, რომ მათ ხანგრძლივი კოვიდის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები აღენიშნოთ, რომელთა შორის სახელდება: სუნთქვის უკმარისობა, თავისტკივილი, სისუსტე, თუ კუნთების ტკივილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG