ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი სამი ევროპელი ლიდერის ვიზიტზე: ასეთ ქვეყნებთან, მეზობლებთან ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავიმარჯვოთ


პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებმა ომის დროს უკრაინაში ვიზიტი გამართეს. მათ უკრაინელთა ქცევა „მამაცურად“ შეაფასეს და კიევში ყოფნის დროს თქვეს, რომ უკრაინელები ღირსეულად იბრძვიან რუსული აგრესიის პირობებში.

სამი ევროპელი პრემიერ-მინისტრი უკრაინაში გუშინ, მატარებლით გაემგზავრნენ. მათ დღეს კიევში შეხვედრა გამართეს, პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავრობის წევრებთან. შეხვედრაზე განხილული იყო რუსული ინტერვენციის საკითხები და ის საჭიროებები, რაც ახლა უკრაინას აქვს.

პრემიერ-მინისტრებმა პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვენიიდან უკრაინა უკვე დატოვეს და როგორც პოლონეთის მთავრობის სპიკერი ამბობს, სამივე ლიდერი პოლონეთში იმყოფება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ვიზიტი „უსაფრთხოდ დაასრულეს“. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც 24 თებერვლის შემდეგ უკრაინას უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ეწვივნენ.

„აქ, ომის დროს განადგურებულ კიევში ისტორია იწერება,“- წერდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი „ტვიტერში“, მაშინ როცა ის კიევში იმყოფებოდა და ოფიციალურ შეხვედრას მართავდა პრეზიდენტ ზელენსკისთან.

„ეს ომი არის [წარმოებული] სასტიკი ტირანის მიერ, რომელიც თავს ესხმის დაუცველ მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებსა და საავადმყოფოებს უკრაინაში,“- დაწერა მორავიეცკიმ“ფეისბუკზე და დაამატა, რომ „შედეგად, სამყარომ დაკარგა უსაფრთხოების გრძნობა, უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან და კარგავენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაგროვებ ქონებას. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ტრაგედია, რომელიც ხდება აღმოსავლეთში, რაც შეიძლება მალე“

ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და თქვა, რომ რუსული არმია კიევს და ყველა დიდ ქალაქს ესხმის თავს.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა "ტვიტერზე" დაწერა: „თქვენ იბრძვით თქვენი სიცოცხლისთვის, თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ასევე იბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის. თქვენ მარტო არ ხართ“.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული ქვეყნების 3 პრემიერ-მინისტრის ვიზიტს უკრაინაში მამაცური უწოდა, იტყობინება უკრაინული მედია. „ევროპის დამოუკიდებელი სახელმწიფო ლიდერები აჩვენებენ, რომ მათ არ აქვთ შიში,“- თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „ისინი (ევროპელი პრემიერ-მინისტრები) აქ არიან, რათა მხარი დაგვიჭირონ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ მეგობრებთან, ასეთ ქვეყნებთან, მეზობლებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავიმარჯვოთ,“- თქვა ზელენსკიმ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG