ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადამ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ჩანაწერი მოისმინა


ჯასტინ ტრუდოს, კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, კანადაში მოისმინეს დისიდენტი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული ჩანაწერები. ტრუდომ დღეს განაცხადა, რომ მათ ანკარისგან სრული ინფორმაცია მიიღეს.

ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოში მოკლეს. მისი გვამი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა შაბათს თქვა, რომ ჩანაწერები რამდენიმე სახელმწიფოს მთავრობას გაუზიარა. ჩამონათვალში მან დაასახელა ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, საუდის არაბეთი და გერმანია.

გასულ კვირას, ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუსოღლუმ. მისი ცნობით, ერდოღანი საუდის არაბეთის მეფე სალმანს რამდენჯერმე ესაუბრა. სალმანმა ერდოღანი დაარწმუნა იმაში, რომ ის მკვლელობის დაგეგმვაში ჩართული არ იყო.

დისიდენტი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი წარმოშობით საუდის არაბეთიდან იყო. ის მთავრობის მიმართ კრიტიკულ მასალებს აქვეყნებდა, რის გამოც შეერთებულ შტატებში ნებაყოფლობით დევნილობაში გადავიდა და სტატიებს "ვაშინგტონ პოსტში" აქვეყნებდა.

2 ოქტომბერს ხაშოგი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოში ქორწინების საბუთების გასაფორმებლად შევიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. თურქეთის მთავრობას თავიდანვე ეჭვი მკვლელობაზე ჰქონდა და აცხადებდა, რომ ხაშოგი იმ დღესვე წამებით მოკლეს, მისი გვამი კი დაანაწევრეს და გადამალეს.

საუდის არაბეთი თავდაპირველად მკვლელობას უარყოფდა და ამბობდა, რომ ჟურნალისტმა შენობა უსაფრთხოდ დატოვა. რიადმა მოგვიანებით ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ბოლო ვერსიით, ჯამალ ხაშოგის საკონსულოს თანამშრომლებთან ჩხუბი მოუვიდა და გაკავების დროს ის შემთხვევით გაიგუდა. ამ საქმეზე საუდის არაბეთი გამოძიებას აწარმოებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG