დღეს დანიის დედაქალაქში უკრაინის დონორთა კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ევროპის თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ. კოპენჰაგენში ბრიტანეთმა და დანიამ განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფ უკრაინას ფინანსური სახსრებით და შეიარაღებით კიდევ უფრო მეტად დაეხმარებიან.
ლონდონმა კიევს უკვე გაუგზავნა მოწინავე შეიარაღება და მათი გამოყენების მიზნით, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა. ბრიტანეთი აცხადებს, რომ უკრაინას გაუგზავნის დამატებით სარაკეტო სისტემებს, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის გამიზნული.
ამას გარდა, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა უკრაინას აღუთქვა M31A1 ტიპის რაკეტების "საგრძნობი რაოდენობა". ამ სისტემებს ობიექტზე იერიშის მიტანა დამიზნებით, დაახლოებით 80 კილომეტრის მანძილიდან შეუძლია. "ჩვენი მიმდინარე მხარდაჭერა ძალიან გამჭვირვალე გზავნილია: ბრიტანეთი და საერთაშორისო საზოგადოება ამ არალეგალური ომის წინააღმდეგი რჩება და გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას, თავდაცვის საომარი შეიარაღების მიწოდებით, რათა უკრაინას პუტინის თავდასხმისგან თავის დაცვაში დავეხმაროთ".
დანია კიევს დამატებით 110 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას აღმოუჩენს და ამით კოპენჰაგენის სრული დახმარება $417 მილიონს გაუტოლდება. კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედრიკსენის განცხადებით, "ეს ომი ევროპის ფასეულობების და თავისუფალი სამყაროს" დასაცავად მიმდინარეობს.
უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გამო, რუსეთი დასავლეთს კონფლიქტის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. კრემლი უკრაინაში გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომს ჯერ ისევ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, რომლის მიზანი ქვეყნის "დენაციფიკაცია" (ე.წ. ნაცისტებისგან გათავისუფლება) და ნატოს ექსპანსიისგან რუსეთის უსაფრთხოების დაცვაა.
Facebook Forum