ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი პალესტინელების მდგომარეობით შეშფოთებულია - შესამჩნევი ცვლილება ამერიკის ლიდერის ტონში


ღაზის სექტორი ისრაელის დაბომბვის დროს. 26 ოქტომბერი, 2023 წ.
ღაზის სექტორი ისრაელის დაბომბვის დროს. 26 ოქტომბერი, 2023 წ.

ჯო ბაიდენმა 25 ოქტომბერს შედარებით დრამატულად გამოხატა შეშფოთება პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობის გამო, რომლებიც ისრაელს და დაჯგუფება "ჰამასს" შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ. ეს ამერიკის პრეზიდენტის რიტორიკაში, რომელიც ისრაელს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს, აშკარა ცვლილება იყო.

ბაიდენმა თქვა, რომ ის შეშფოთებულია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელების წინააღმდეგ ექსტრემისტი ახალმოსახლეების მიერ განხორციელებული თავდასხმებით, რასაც პრეზიდენტი "ცეცხლზე ნავითის დასხმას" ადარებს. აღნიშნული განცხადება შეერთებული შტატების ლიდერმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანესის მიღების შემდეგ.

„ეს შეთანხმებული იყო. ხელშეკრულება დადებულია და ისინი თავს ესხმიან პალესტინელებს იმ ადგილებში, სადაც მათ ყოფნის უფლება აქვთ" თქვა ბაიდენმა. ის 1993 წელს, ოსლოს აკორდის სახელით ცნობილ შეთანხმებას გულისხმობს. "ეს უნდა შეწყდეს" - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, "მათ პასუხი უნდა აგონ. ახლა ეს უნდა შეჩერდეს".

ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მოხდა, ბაიდენს ისრაელის არმია არ უხსენებია. ღაზის სექტორს, რომელსაც ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასი" აკონტროლებს, ისრაელი ინტენსიურად ბომბავს და პერიოდულად იქ სახმელეთო რეიდებსაც აწყობს. ვაშინგტონს "ჰამასი" უცხოეთის ტერორისტული დაჯგუფებების სიაში 1997 წლის შემდეგ ჰყავს შეყვანილი.

ისრაელმა "ჰამასს" 8 ოქტომბერს ომი გამოუცხადა, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე, დაჯგუფების მეომრები ისრაელის სამხრეთ ნაწილში შეიჭრნენ. "ჰამასის" თავდასხმამ ისრაელში დაახლოებით 1 400 ადამიანი იმსხვერპლა, 200-ზე მეტი ადამიანი გაიტაცა და ათასობით ადამიანი დაჭრილი, ან დაშავებული დატოვა. ეს ისრაელის ბოლო ათწლეულების ისტორიაში ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმაა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, რომელთაც ასევე "ჰამასი" აკონტროლებს, ისრაელის საპასუხო იერიშებში 5 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ბაიდენმა პალესტინელთა შორის მსხვერპლთან დაკავშირებით, სკეპტიციზმი გამოხატა. პრეზიდენტის თქმით, ის არ არის დარწმუნებული იმაში, რომ "პალესტინელები სიმართლეს ამბობენ".

"ჰამასს" აშშ-ის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG