ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკას ირანთან ომი არ სურს, მაგრამ ის თავს დაიცავს", - ბლინკენი გაეროში


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. 24 ოქტომბერი, 2023 წ.
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. 24 ოქტომბერი, 2023 წ.

შეერთებულმა შტატებმა გაეროში განაცხადა, რომ ის არ ესწრაფვის ირანთან კონფლიქტს. მაგრამ, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მყოფი ქვეყნები ხაზგასმით გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი იმოქმედებს "მყისიერად და გადამწყვეტად", თუკი ირანი ან მისი "მარიონეტები" ამერიკის შეიარაღებულ ძალებს სადმე თავს დაესხმებიან.

მთელ მსოფლიოში და მათ შორის გაეროშიც, იზრდება შეშფოთება პალესტინელთა დაჯგუფება "ჰამასის" მიერ დაწყებული ესკალაციის გაზრდის, გაფართოებისა და მეტი ქვეყნის შესაძლო ჩართვის თაობაზე. ამ ეტაპზე ისრაელი საპასუხო იერიშით ინტენსიურად ბომბავს ღაზის სექტორს, რომელსაც ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასი" აკონტროლებს. დაჯგუფება ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.

პარალელურად, ისრაელი აცხადებს მზაობას, ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების თაობაზე და პერიოდულად იქ რეიდებს აწყობს. არსებობს შეშფოთება, რომ მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებაში შესაძლოა ჩაერთოს დაჯგუფება "ჰეზბოლა" და როგორც ამერიკა მიიჩნევს, მისი დამფინანსებელი - ირანი.

"შეერთებული შტატები ირანთან კონფლიქტს არ ესწრაფვის. ჩვენ ამ ომის გაფართოება არ გვსურს. მაგრამ, თუ ირანი, ან მისი მარიონეტები სადმე თავს დაესხმებიან შეერთებული შტატების პერსონალს, არაფერი შეგეშალოთ, ჩვენ თავს მყისიერად და გადამწყვეტად დავიცავთ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას", - განაცხადა ბლინკენმა ნიუ-იორკში 24 ოქტომბერს გამართულ გაეროს სხდომაზე.

ვაშინგტონმა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დასაცავად ახლო აღმოსავლეთის სამხედრო კონტინგენტი გაზარდა. ამასთან დაკავშირებით, განცხადება გასული კვირის ბოლოს ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმაც გააკეთა. ირანის და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების შეკავების მიზნით, შეერთებულმა შტატებმა რეგიონში ასევე გააგზავნა საბრძოლო ხომალდები და მოიერიშე თვითმფრინავები, მათ შორის - ორი ავიამზიდი.

ბლინკენმა ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, ერთობლივი გზავნილი მომზადდეს რეგიონის ნებისმიერი იმ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორისთვის, რომელიც ისრაელის, ან მისი პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას განიხილავს. "ცეცხლს ნავთს ნუ დაასხამთ", - განაცხადა მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

უშიშროების საბჭოს მოგვიანებით გაეროში ირანის ელჩმაც მიმართა. ამირ საიდ ირავანი აცხადებს, რომ ბლინკენი ცდილობს არასწორად დააბრალოს ირანს ისრაელ-"ჰამასის" კონფლიქტი. მისი თქმით, თეირანი კატეგორიულად უარყოფს ამ "უსაფუძვლო ბრალდებებს".

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აიმარ საფადიმ გაეროში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ომის გაფართოება "რეალური საფრთხეა".
"ჩვენ ყველანი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს შევაჩეროთ. არსებობს საფრთხე, რომ ეს მოედება მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირს, ლიბანსა და სხვა ფრონტებს. არცერთ ჩვენგანს ეს არ სურს, ყველა ვმუშაობთ ამის წინააღმდეგ", - განაცხადა მან.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG