ისრაელი პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასის" მიერ გასულ კვირას მიტანილ თავდასხმას თავის "11 სექტემბერს" უწოდებს. ვინ დგას თავდასხმის უკან? რეგიონის მკვლევართა აზრით, დიდი ალბათობით, მისი ფარული ორგანიზატორი პალესტინელი მებრძოლი მუჰამედ დეიფია, "ჰამასის" ერთ-ერთი მეთაური. ის ისრაელზე თავდასხმას "ალ-აქსას წყალდიდობას" უწოდებს.
7 ოქტომბერს, როცა "ჰამასმა" ღაზის სექტორიდან ისრაელისკენ ათასობით რაკეტა გაისროლა, ისრაელისთვის ყველაზე სასურველმა ძებნილმა ღაზის სექტორში აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერი მიანიშნებს, რომ ისრაელზე მომხდარი თავდასხმა იყო შურისძიება ალ-აქსას მეჩეთში დაახლოებით 2 წლის წინ მომხდარი დარბევის გამო.
2021 წლის მაისში, ისლამის აღმსარებელთა მესამე უწმინდესი ადგილის დარბევამ არაბულ და მუსლიმურ სამყაროში დიდი აღშფოთება გამოიწვია. როგორც ჩანს, დეიფი მას შემდეგ გეგმავდა ისეთ ოპერაციას, რომელიც ისრაელს არასდროს დაავიწყდებოდა. "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს მიტანილი იერიშის შედეგად, ისრაელში მსხვერპლი დღეისთვის 1 200-ს აღწევს, დაჭრილთა რიცხვი კი 2 700-ს აჭარბებს.
ისრაელის ისტორიაში ეს ყველაზე ტრაგიკული ფურცელია 1973 წლის არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის შემდეგ. თელავივმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა, 300 000 ადამიანის მობილიზაცია დაიწყო და ღაზის სექტორზე საპასუხო საჰაერო იერიშების შემდეგ ამბობს, რომ მსხვერპლი მოწინააღმდეგეთა შორის 1 000-ს აჭარბებს, 5 000-ზე მეტი კი დაჭრილია.
მუჰამედ დეიფი
"ჰამასის" მეთაურზე ძალზე ცოტა რამ არის ცნობილი. მუჰამედ დეიფი საჯაროდ იშვიათად საუბრობს და საზოგადოებაშიც არასდროს ჩნდება.
დეიფი ისრაელის მხრიდან მისი მოკვლის მცდელობას შვიდჯერ გადაურჩა. ბოლოს - 2021 წელს.
დეიფი აუდიოჩანაწერსაც კი იშვიათად ავრცელებს. ამიტომ, როცა "ჰამასის" სატელევიზიო არხმა გამოაცხადა, რომ ის აპირებდა პალესტინელებისადმი მიმართვის გაკეთებას, ყველამ უკვე იცოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა.
დეიფის მხოლოდ სამი სურათი არსებობს. ერთში ის 20 წლისაა, მეორეში ნიღაბი უკეთია და მესამეში მხოლოდ მისი ჩრდილის გამოსახულებაა, რომელსაც უდიოჩანაწერის ეთერში გაშვებისას იყენებენ.
რა თქმა უნდა, დეიფის ადგილსამყოფელიც მხოლოდ მისი უახლოესი წრისთვის, სულ რამდენიმე ადამიანისთვისაა ცნობილი. ფიქრობენ, რომ ის სავარაუდოდ, ღაზაში იმყოფება - გვირაბების ლაბირინთში, რომელიც ანკლავის ქვეშაა განთავსებული.
დეიფმა მეცნიერის ხარისხი ღაზის ისლამურ უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სწავლობდა ფიზიკას, ქიმიასა და ბიოლოგიას. ის ნიჭიერი იყო ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის გართობის კომიტეტს და ახალგაზრდობაში, სცენაზეც კი თამაშობდა კომედიებში.
"ჰამასის" რიგებში დაწინაურებისას, დეიფმა შემოიკრიბა თანამოაზრეები, შეიმუშავა გვირაბების ქსელი და დახვეწა ბომბების დამზადების გამოცდილება. ის ისრაელის ძებნილთა სიაში უკვე ათწლეულებია ლიდერობს, რადგან პირადად იყო პასუხისმგებელი თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილ იმ აფეთქებებზე, რომელთა შედეგადაც ისრაელის ათეულობით მოქალაქე დაიღუპა.
"ჰამასში" ჩართვისთანავე, დეიფისთვის ჩრდილში ყოფნა და მისი გადააადგილების გასაიდუმლოება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახდა. დაჯგუფების წყაროების მიხედვით, ისრაელის ერთ-ერთ მოქალაქეზე თავდასხმისას, მან ცალი თვალი დაკარგა და ერთი ფეხი სერიოზულად დაუშავდა.
დეიფის მეუღლე, 7 თვის ვაჟი და 3 წლის ქალიშვილი 2014 წელს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. პალესტინური წყაროების მიხედვით, ისრაელის ერთ-ერთი ბოლო საჰაერო თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო სახლი, რომელიც ღაზაში დეიფის მამას ეკუთვნოდა. რამდენიმე სხვა წყაროს ცნობით, დეიფის ძმა და ოჯახის კიდევ ორი წევრია მოკლული.
ორი გონი, ერთი მოაზროვნე
წყარომ, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებთანაა საახლოებული, საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ დეიფი უშუალოდ იყო ჩართული თავდასხმის დაგეგმვაში და მის საოპერაციო ასპექტებში. თუმცა, "ჰამასთან" დაახლოებულმა კიდევ ერთმა წყარომ თქვა, რომ თავდასხმის მომზადების გადაწყვეტილება ორმა ადამიანმა მიიღო. ესენი იყვნენ დეიფი, რომელიც ღაზაში "ჰამასის" ბრიგადების ნაწილს მეთაურობს და იეჰია სინვარი - "ჰამასის" მეთაური მთლიანად ღაზის სექტორში.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელია მათ შორის თავდასხმის ე.წ. არქიტექტორი.
„არსებობს ორი გონი, მაგრამ არის ერთი მოაზროვნე“, - თქვა "ჰამასთან" დაახლოებულმა წყარომ და დასძინა, რომ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია დაჯგუფების მხოლოდ რამდენიმე ლიდერისთვის იყო ცნობილი.
წყაროს ცნობით, გასაიდუმლოების დონე იმდენად მაღალი იყო, რომ ირანმაც კი, რომელიც ისრაელის მოსისხლე მტერი და "ჰამასის" მთავარი დამფინანსებელი, მისი წვრთნისა და შეიარაღების მნიშვნელოვანი წყაროა, გეგმის მხოლოდ ზოგადი მონახაზი იცოდა. ირანისთვის ცნობილი იყო, რომ "ჰამასი" დიდ ოპერაციას გეგმავს, თუმცა თეირანმა არც მისი დრო იცოდა და არც - სხვა დეტალები.
დაგეგმილი ოპერაცია არ განიხილებოდა არცერთ ერთობლივ საოპერაციო თათბირზე, რომელშიც მონაწილეობენ "ჰამასი", პალესტინელთა ლიდერები, ირანი და ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება "ჰეზბოლა". "ეს ძალიან ვიწრო წრეში ხდებოდა", - თქვა "ჰამასთან" დაახლოებულმა წყარომ "როიტერთან" საუბარში.
ისრაელი ღაზის სექტორის ბლოკადას განაგრძობს. უკვე ცნობილი მსხვერპლის რიცხვმა იქ ათასს გადააჭარბა.
Facebook Forum