20 ოქტომბერს, ისრაელმა ინტენსიურად დაბომბა ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი, მას შემდეგ რაც იქ მცხოვრებ პალესტინელ ოჯახებს ნახევარსაათიანი გაფრთხილება მისცა. ერთ-ერთი რაკეტა ბერძენთა მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიას მოხვდა, სადაც მუსლიმები და ქრისტიანები აფარებდნენ თავს. პარალელურად, ცხადი ხდება, რომ ღაზაში სახმელეთო შეჭრის ბრძანება მალე გაიცემა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა თავად მოინახულა გადასასვლელი ღაზას და ეგვიპტეს შორის. მისი თქმით, ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების კოლონები გადავიდეს.
ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს პალესტინელთა ისლამისტურ დაჯგუფება "ჰამასს", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს და რომელმაც 7 ოქტომბერს ანკლავის მიმდებარე ისრაელის სამხრეთ ქალაქებზე მიიტანა იერიში. თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 400 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ისრაელის შენაერთებთან განაცხადა, რომ ღაზაში შეჭრის ბრძანება მალე იქნება. იმავდროულად, ისრაელი ინტენსიურად ბომბავს სექტორს, ბლოკადაში ჰყავს მისი 2.3-მილიონიანი მოსახლეობა, სადაც საკვების, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.
7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორზე მიტანილი ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 4 137 პალესტინელი დაიღუპა და 13 000 დაიჭრა. ინფორმაციას პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გაეროს თქმით, მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
Facebook Forum