პარასკევს ტუნისში იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, რომლებიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადადგომას ითხოვენ. თუ რა განწყობებია ამ შეხვედრის წინ, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი არკვევდა.
სირიაში ქალაქ ჰომსის დაბომბვა უკვე მესამე კვირაა გრძელდება. ოპოზიციაზე სირიის პრეზიდენტის ძალების შეტევა საერთაშორისო ზეწოლამ ვერ შეაჩერა. მექსიკაში დასავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიაში ძალადობის გაგრძელებაში ნაწილობრივ რუსეთი და ჩინეთი დაადანაშაულეს, რომლებმაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადეს.
„სირია უმთავრესი შეშფოთების საგანია. გაეროს სტრუქტურებს არ მიეცათ მოქმედების საშუალება, რადგანაც უშიშროების საბჭოზე ორმა მუდმივმა წევრმა რეზოლუციას ვეტო დაადო,“ - განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კევინ რადმა.
როგორც მოსალოდნელია, პარასკევს „სირიის მეგობრების“ წარმომადგენლები ბაშარ ალ-ასადს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ გავამკაცრებთ სანქციებს და საერთაშორისო თანამეგობრობა ერთად დაგმობს ასადის რეჟიმის მოქმედებას. ასევე გავაძლიერებთ ოპოზიციასთან ურთიერთობას, როგორც სირიის შიგნით, ასევე გარეთ,“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.
ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰამედ ჯებალი იმედოვნებს, რომ სირიაში ოპოზიციის გაერთიანებული ორგანო უნდა შეიქმნას, რომელიც სირიელ ამბოხებულებს და ოპოზიციას გააერთიანებს და ხალხის წარმომადგენლობითი სტრუქტურა იქნება.
ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსის სტივ ჰეიდემანის თქმით, „სირიის მეგობრების“ შეხვედრა კარგად აჩვენებს, რომ არაბული ლიგა და მისი მოკავშირეები არ დაუშვებენ რუსეთის და ჩინეთის მხრიდან დაბლოკვას.
„რასაც ისინი განახორციელებენ, ეს არის კოორდინირებული მოქმედების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი მიდგომები და ურთიერთობა სირიის ოპოზიციასთან, რათა მხარი დაუჭირონ ოპოზიციის გაძლიერებას და მიაწოდონ მათ დახმარება და აღჭურვილობა, ასევე გაწვრთნან ამბოხებულთა ძალები,“ - ამბობს ჰეიდემანი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ პეკინი მხარს უჭერს გეგმას, რომელიც შეაჩერებს ძალადობას და დაიცავს სირიის მოქალაქეებს, ასევე არ დაუშვებს საგარეო ინტერვენციას.
ჩინეთმა და რუსეთმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ ასადის მოწოდებას კონსტიტუციური რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, რომელიც არაბული ლიგის მიერ წარდგენილი რეფორმების ნაწილი იქნება.