ექსკლუზიური ფოტოებით, რომელიც სომალელმა მეკობრეებმა გაავრცელეს დასტურდება, რომ 410 დღის წინ გატაცებული თხუთმეტი ქართველი და სამი თურქი მეზღვაური ცოცხლები არიან.
მეკობრეებმა სულ ორი ფოტო გაავრცელეს. პირველ ფოტოზე ხუთი მეზღვაურის სახე შედარებით უკეთ ჩანს, მათ წინ კიდევ ორი მეზღვაურია ჩამუხლული, რომელთა სახეებიც ცუდად იკვეთება.
მეორე ფოტოზე, რომელიც იგივე ადგილას, ოღონდ სხვა რაკურსით არის გადაღებული უკვე რვა მეზღვაური ჩანს. ორივე ფოტოსურათი დატყვევებული ტანკერის „ოლიბ ჯის“ ბაქანზეა გადაღებული და ორივეზე მეზღვაურების გარდა, შეიარაღებული და ნიღბიანი მეკობრეებიც ჩანან.
ფოტოების ცუდი ხარისხის გამო, დანამდვილებით მხოლოდ ერთი ქართველი მეზღვაურის ამოცნობა მოხერხდა, თეთრი მაისური ბათუმელ ირაკლი ჯიქიძეს აცვია, რომელსაც 28 ოქტომბერს 27 წელი უსრულდება.
ფოტოსურათების გავრცელებასთან ერთად, მეკობრეებმა ღიად დააფიქსირეს გამოსასყიდის თანხის ოდენობა, რომელსაც მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვენ. 9 მილიონი ამერიკული დოლარი - ასეთია მეკობრეების ახალი მოთხოვნა.
უცნობია როდის მოხდა ამ ფოტოსურათების გადაღება. არაოფიციალურად ცნობილია მხოლოდ, რომ ფოტოსურათებს მოლაპარაკებაში ჩართული ყველა მხარეს აქვს. ერთ-ერთმა მეკობრემ ანონიმურად აფრიკულ ინტერნეტ გამოცემას „სომალი რეპორტს“ კერძოდ განუცხადა:
„ჩვენ გამოსასყიდის სახით ვითხოვთ 9 მილიონ დოლარს. უკვე დიდი ხანია ეს გემი დატყვევებული გვყავს, წელიწადზე მეტი გავიდა. ეკიპაჟი კარგად არის, თუმცა ძნელი სათქმელია კიდევ რამდენ ხანს გაძლებენ ისინი.“
ბოლო შეხვედრა, ტანკერ „ოლიბ ჯისა“ და მისი ეკიპაჟის ბედის გარშემო პარასკევს გაიმართა. მეკობრეების წარმომადგენლებს, გემთმფლობელის, ბერძნული კომპანია „ფრო ვენტურეს“ ადვოკატები შეხვდნენ. მხარეებს მნიშვნელოვანი საკითხები უნდა შეეთანხმებინათ, თუმცა სხვა დეტალები უცნობია.
შეხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო, საბერძნეთში საქართველო საელჩო, თუმცა ელჩმა ირაკლი თავართქილაძემ კომენტარზე უარი განაცხადა. ელჩის მდივანმა ანა უძილაურმა კერძოდ აღნიშნა:
„ნოემბრის პირველ რიცხვებამდე სამწუხაროდ კომენტარს ვერ გავაკეთებთ და ინფორმაციას ოფიციალურად ვერ მოგაწვდით. ნოემბრის პირველ რიცხვებში თავად ელჩი გააკეთებს ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს.“
მეკობრეებმა ასევე დააზუსტეს ადგილი, სადაც ტანკერ ოლიბ ჯის ღუზა ამჟამად აქვს ჩაშვებული. სომალის არაღიარებულ ანკლავ პუნტლენდიდან, მეკობრეებს გემი ცენტრალური სომალისკენ წაუყვანიათ. ტანკერი ღია ზღვაში, კიდე ერთი სეპარატისტული ანკლავის - მუდუქის საპორტო ქალაქ ჰარარდჰერესთან დგას. ეს ქალაქი მეკობრეობის ერთ-ერთ მექად ითვლება. დატყვევებული მეზღვაურის თემურ მახარაძის მეუღლე, მაყვალა მახარაძე ამბობს:
„ხუთშაბათს მიგვიღეს აჭარის მთავრობაში, სამი დატყვევებული მეზღვაურის მეუღლე. ათენიდან გვესაუბრა ელჩი ირაკლი თავართქილაძე და მისი სიტყვები იყო, რომ პარასკევს (21 ოქტომბერს) გადაწყდება როდის იქნება შეგროვებული ფული და რა თანხაზე იქნება საუბარი.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენი მეზღვაურები განთავისუფლდებიანო. ანუ ვერცერთი სახელმწიფო მოხელე ვერ ასახელებს მეზღვაურების განთავისუფლების თარიღს, დღეს, თვეს, წელს.“
მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „ოლიბ ჯი“ სომალელ მეკობრეებს 2010 წლის 8 სექტემბერს ადენის ყურეში ჩაუვარდათ ხელში. მას შემდეგ, უკვე მე-13 თვეა მოლაპარაკება უშედეგოდ მიმდინარეობს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავიდან მეკობრეები 15 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, შემდეგ კი 1 მილიონზე ყაბულს იყვნენ. ახალი მოთხოვნა კი უკვე 9 მილიონი დოლარია. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მეკობრეების ახალ წინადადებაზე ჯერ ცნობილი არ არის.
„ოლიბ ჯის“ დატყვევებული ეკიპაჟის სია
მემედ ზაქარაძე, შალვა ვერძაძე დავით დევაძე, თემურ ბედინაძე, ზურაბ შერვაშიძე გიორგი სირაძე; ჯაბა კაჭარავა, თემურ მახარაძე, ნუკრი ჯიჯავაძე, ირაკლი ჯიქიძე, თემურ ვარშანიძე, ანზორ პართენაძე, ასლან დემურაძე, ჯიმშერ ასანიძე გენადი ტიმოფეევი (ყველა საქართველო). იაკუბ ოზთურქი, ფუათ ოზჩელიქი მუსტაფა არიცოღლუ (სამივე თურქეთი)