სომალელი მეკობრეების მიერ 15 ქართველი მეზღვაურის დატყვევებიდან გუშინ 11 თვე გავიდა. დღეს კი უკვე 336-ე დღე შესრულდა. ბერძნული ტანკერი „ოლიბ ჯი“, რომელიც ეგვიპტის ალექსანდრიის ნავსადგურიდან ინდოეთისკენ მიდიოდა სომალელების თავდასხმის მსხვერპლი 2010 წლის 8 სექტემბერს გახდა.
მას შემდეგ, დატყვევებული ტანკერი სომალის არაღაიარებული სეპარატისტული ანკლავის პუნტლენდის სანაპიროსთან დგას. 15 ბათუმელ მეზღვაურთან ერთად გაუსაძლის პირობებშია გემზე მყოფი სამ თურქი მეზღვაურიც.
უცნობია დატყვევებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეზღაურებს ოჯახებში სამ თვეზე მეტია არ დაურეკავთ. ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის ეს აკრძალვა მეკობრეების გადაწყვეტილებაა თუ მოლაპარაკების ახალი სტრატეგია.
არაოფიციალურად ცნობილია, რომ გემთმფლობელი ბერძნული კომპანია „ფრიო ვენტურე“, ისევე როგორც ბათუმში მდებარე საკრუინგო კომპანია „გრინვიჩი“, რომელმაც გემზე ქართველები დაასაქმა, მეზღვაურთა ოჯახის წევრებს პრესასთან ურთიერთობას უკრძალავს.
დატყვევებული მეზღვაურის თემურ ბედინაძის მეუღლე ნაირა ხალვაში „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ აკრძალვას ვინც არ ემორჩილება, მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ აწვდიან.
„მთავრობაში ვერ მივდივარ, მარტო კარდიოგრამა გულზე, ვტირი, ვყვირი, ეს მარჩენალი კაცი, ეკონომიკურად ბოლო დონემდე ვარ და მეორეც ძაან მეცოდება, ღმერთს ვფიცავარ ადამიანი. რა გავაკეთო?! არაფერი იმედი! არავითარი, არავითარი.
მე მებრალება ჩემი ადამიანი, ნაწვალები, ავადმყოფი. ადამიანის უფლებებს ვიცავ, როგორც ქმარის და მეორე, როგორც შვილების მამის. რა დანაშაულია ტყვეობაში მყოფი ქმრების და შვილების მოკითხვა, ღმერთს ვფიცავარ თვითონ მიკვირს?! რას ვაშავებთ ამით?!“
მეკობრეებთან მოლაპარაკების პროცესის გასაიდუმლოების გამო, უცნობია რა ოდენობის გამოსასყიდზე მიდის ვაჭრობა. რა ეტაპზეა მოლაპარაკება და არის თუ არა მიღწეული რაიმე შედეგი?
როგორც ცნობილია, 11 თვის მანძილზე, მეკობრეები მოთხოვნილი 15 მილიონი დოლარიდან ერთ მილიონამდე ჩამოვიდნენ, თუმცა გემთმფლობელი ამ თანხასაც ვერ იხდის.
მალტის დროშის ქვეშ მცურავი „ოლიბ ჯი“ ბოლო რეისში მიდიოდა, ტანკერი ინდოეთის ნავსადგურ ალანგში ჯართად უნდა დაეჭრათ. დატყვევებული შალვა ვერძაძის მეუღლე ნათელა ვერძაძე ამბობს:
„არაფერი არ ვიცით. უკვე რამდენი ხანია. მოლაპარაკება მიდის, ადვოკატები მუშაობენო და ზედმეტი ლაპარაკი ყველაფერი აგვიკრძალეს. გემიდან სამ თვეზე მეტია საერთოდ არავინ შეგვხმიანებია.
რამოდენიმეჯერ ვიყავი ჩვენ ადვოკატთან, რომელიც აქაურმა საკრუინგო კომპანიამ დაიქირავა. ეს ადვოკატი საბერძნეთშიც იყო ჩასული. მითხრა, რომ ელექტრონული ფოსტით გვიკავშირდებიან გემიდან და მეზღვაირები კარგად არიანო. რამდენად სიმართლეს შეესაბამება ეს ინფორმაცია არ ვიცი. გადამოწმების საშუალება არ მაქვს.
იმდენი რაღაცა ვაკეთეთ, ვიაქტიურეთ, არაფერი გამოგვივიდა, ველოდებით იმ იმედით, რომ ალბათ რაღაცა მართლა კეთდება. სამწუხაროდ, სხვა არაფერი შეგვიძლია.“
პირველად 11 თვის მანძილზე, „ოლიბ ჯის“ დატყვევებას, აფრიკაში პოპულარული ინტერნეტ გამოცემა Somalia Report ეხმაურება. ჟურნალისტი კარენ დუნიკლიფი წერს, რომ მასალა „ოლიბ ჯის“ მეზღვაურთა ოჯახების თხოვნით მოამზადა.
წერილში, „ოლიბ ჯის“ კაპიტნის მემედ ზაქარაძის მეუღლე ნაზი კახაბერიძე მეკობრეებს, სომელელ ხალხს და ისლამისტურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ შაბააბს“ თხოვნით მიმართავს, გამოიჩინონ გულმოწყალება და გაათავისუფლონ მეზღვაურები.
ჟურნალისტი წერს, რომ მეკობრეებმა დაატყვევეს გემი, რომელსაც არ აქვს დაზღვევა, არ აქვს ტვირთი და არ წარმოადგენს არანაირ ფასეულობას. რომ გემთმფლობელი „ფრიო ვენტურე“ ჯერ კიდევ თებერვალში გაკოტრდა, ამის მიუხედავად, მეკობრეები უარს აცხადებენ ქველმოქმედებით შეგროვებული თანხის აღებაზე, რადგან ამ ისტორიის არ სჯერათ და ისევ მილიონებს ელოდებიან.
თითქმის შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, დატყვევებული მეზღვაურების თემაზე კომენტარი აჭარის ავტონომიის მეთაურმა ლევან ვარშალომიძემაც გააკეთა:
„ყველაფერი კეთდება მართლა. ჩვენ გვაქვს კონტაქტი მათთან, მშობლებთან, მშობლების წარმომადგენლებთან . იცით, რომ არის გარკვეული კონკრეტული გეგმა ჩვენს მიერ...ჩვენ, სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ ვართ ჩართულები, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ.თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ მშობლებს.“
სინამდვილეში რას გაკეთდა 11 თვის მანძილზე საქართველოს 15 მოქალაქის ტყვეობიდან დასახსნელად გაუგებარია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ტელევიზიით საჯარო საუბარი არ სურს.
ამ განცხადების შემდეგ, დატყვევებული მეზღვაურების თემა ყველა ნაციონალური მაუწყებლის ეთერიდან გაქრა. გრანდიოზული ფეირვერკებითა და პომპეზურობით, ბათუმში მეზღვაურის დღეც ისე აღინიშნა, რომ სომალიში დატყვევებულ 15 ქართველზე საერთოდ არაფერი თქმულა.