შეერთებული შტატების უახლესი და ყველაზე მოწინავე ავიამზიდი, მსოფლიოში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანეშია. მიზანი, მოკავშირეებთან ერთად წვრთნა და ღია ზღვაში პატრულირებაა.
„USS Gerald R. Ford”-მა ატლანტიკურ ოკეანეში განლაგება სამშაბათს დაიწყო, როგორც წამყვანმა ხომალდმა გადამზიდი დარტყმის ჯგუფში. ჯგუფი მოიცავს ექვს ხომალდს ნატოს ქვეყნებიდან, რამდენიმე ამერიკულ სამხედრო ხომალდს და წყალქვეშა ნავს.
„ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ მთელი ატლანტის ოკეანე, როგორც სათამაშო მოედანი. ვაპირებთ შევასრულოთ თითქმის ყველა მისია, რომელიც საზღვაო ავიაციის პორტფელშია“ - განაცხადა რეპორტიორებთან საუბრისას საზღვაო ძალების კაპიტანმა და გემის მეთაურმა, პოლ ლანზილოტამ.
„USS Gerald R. Ford” აღჭურვილია ორი ათეული სრულიად ახალი ტექნოლოგიით და ახალი დიზაინის საფრენი გემბანით, რომელიც მას სხვა ამერიკულ გადამზიდებზე 30%-ით მეტი ფრენის განხორციელების საშუალებას აძლევს.
ატომური ავიამზიდის ახალ ტექნოლოგიებს შორისაა სრულიად ახალი სარადარო სისტემა საფრთხის აღმოსაჩენად და ელექტრომაგნიტური თვითმფრინავის გაშვების სისტემა (EMALS), რომელიც გემიდან თვითმფრინავის კატაპულტირებისთვის გამოიყენება.
დიზაინისა და ავტომატიზაციის მნიშვნელოვანი განახლების გამო, გემს 600-ზე ნაკლები მეზღვაური სჭირდება, ვიდრე “Nimitz”-ის კლასის გადამზიდებს. გემის 50 წლიანი ექსპლუატაციის განმავლობაში, ეს ცვლილება შედეგად მილიარდობით დოლარის დანაზოგს მოიტანს.
გემის ამჟამინდელი გადამზიდი დამრტყმელი ჯგუფი მოიცავს ძალებს კანადიდან, დანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და შეერთებული შტატებიდან. აშშ-ის საზღვაო ძალების ცნობით, ეს არის ატლანტის ოკეანეში, ძალის ყველაზე დიდი პარტნიორული ჩვენება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
„უკრაინის კრზისის წინ, ჩვენ ვიხილეთ რუსეთის საზღვაო აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა არქტიკაში. ასე რომ, ჩრდილო ატლანტის ოკეანე არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ჩვენ საბოლოოდ მოგვიწევს რუსეთის შეკავება“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ბრიუს ჯონსი, სტენფორდის უნივერსიტეტის კონსულტანტი პროფესორი და ბრუკინგსის ინსტიტუტის საერთაშორისო წესრიგისა და სტრატეგიის პროექტის დირექტორი.
„სავარაუდოდ, ჩვენ უფრო სახიფათო პერიოდში ვართ, რადგან რუსეთი შესაძლოა ცდილობდეს ესკალაციას უკრაინის მიღმა, რადგან მისთვის [პუტინისთვის] უკრაინაში სიტუაცია გაუარესდება“ - აცხადებს ჯონსი.