საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერანდუმის მოახლებასთან ერთად, მოლდოვაში ვანდალიზმის ფაქტებმა იმატა, რომლის უკანაც, კიშინოვის მტკიცებით, რუსეთი დგას. მოლდოვის პოლიციის მტკიცებით, რუსეთის მიზანი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შექმნაა.
ამის ერთ-ერთ დასტურად, კიშინოვი ბოლო დღეების განმავლობაში სამთავრობო შენობების დაზიანების ფაქტებს განიხილავს. უცნობმა პირებმა წითელი საღებავები შეასხეს მოლდოვის საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის შენობას, სასამართლოს შენობას, ასევე მთავრობის სახლსა და შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
მომხდარზე გამოძიება მალევე დაიწყო და დადგენილია ეჭვმიტანილთა წრეც, პოლიციამ 2 ახალგაზრდაც დააკავა. დაკავებულთაგან ერთი პოლიციას უყვება, რომ ის იყო პასუხისმგებელი ახალგაზრდების მოძიებაზე, რომლებიც შემდეგ „მოსკოვში გადამზადებისთვის გაიგზავნებოდნენ“, - წერია განცადებაში, რომელსაც მოლდოვის პოლიცია აქვეყნებს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდების ნაწილს მოსკოვში ასწავლიდნენ პროტესტის გაღვივებას და დესტაბილიზაციის შექმნას.
მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, ახალგაზრდებს მოსკოვი საქმის შესრულების შემთხვევაში 500 ევროს პირდებოდა. სამართალდამცავი უწყება ამბობს, რომ სულ ტრეინინგები რუსეთში 20-მა ადამიანმა გაიარა, საიდანაც 13 უკვე იდენტიფიცირებულია.
ამ ფონზე, მოლდოვაში სულ უფრო ცოტა დრო რჩება საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც ქვეყანაში 20 ოქტომბერს გაიმართება. ამავე დღეს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მოლდოვაში რეფერენდუმიც იმართება.
ახლა მოლდოვას პრეზიდენტი პროდასავლელი მაია სანდუა, რომელმაც ქვეყნის საგარეო კურსი დასავლეთს დაუკავშირა. მოლდოვა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, წლების განმავლობაში იყო რუსეთის გავლენის ქვეშ. სანდუს მოლდოვა შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს და დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მოლდოვამ ათობით ათასი უკრაინელი ლტოლვილიც მიიღო.
სანდუს პრეზიდენტობის პირობებში, მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო და დაიწყო მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც.
Facebook Forum