შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ჩავიდა. ბლინკენის ხანმოკლე ევროპული ტური მიზნად უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ ხაზგასმას ისახავს, როგორც ნატოს მოკავშირეებს შორის, ისე - უკრაინის მეზობელ ქვეყნებში.
კიშინიოვში ბლინკენი მოლდოვის პროევროპელ პრეზიდენტ მაია სანდუს და ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებს ხვდება. ვაშინგტონში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც ორნახევარ მილიონს არ აღემატება და რომელსაც უკრაინასთან საკმაოდ გრძელი საზღვარი აკავშირებს, რუსეთის "გავლენის ოპერაციების" პირისპირაა.
გასული კვირის ბოლოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მოლდოვის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეერთებული შტატები ქვეყანას "მძლავრი პაკეტით" დაეხმარება. განცხადება 24 მაისს, ჟურნალისტებთან ჯიმ ო'ბრაიენმა გააკეთა, ევროპის საკითხებში შეერთებული შტატების პირველი დიპლომატის თანაშემწემ.
თუმცა, ო'ბრაიენმა ისიც აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რუსეთის მხრიდან ვერ ხედავს უშუალო სამხედრო საფრთხეს მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის მიმართ. მოსკოვს, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ომის შემდეგ, რეგიონში სამშვიდობო ძალები და ჯარისკაცები ჰყავს განლაგებული.
მაია სანდუს ლიდერობით, მოლდოვა და მისი ხელისუფლება მტკიცედ და დაბეჯითებით გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და იქ სრულმასშტაბიანი ომის წარმოებას. მოლდოვამ მკვეთრად შეამცირა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და ელექტროენერგიის მომარაგების მიმართულებითაც, წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობს.
მოლდოვა ოქტომბერში რეფერენდუმს გეგმავს, რათა კონსტიტუციაში შეიტანოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. როგორც უკრაინის გამოკვეთილი მხარდამჭერი, კიშინიოვი აღიარებს, რომ მისი უსაფრთხოება მჭიდროდ უკავშირდება კიევის შესაძლებლობას, შეაჩეროს რუსული ძალები.
კვირის განმავლობაში ბლინკენი პრაღაშიც ჩავა. ჩეხეთში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ნატოს მინისტერიალს დაესწრება, რომელიც ყურადღებას ვაშინგტონში ალიანსის ივლისის სამიტის სამზადისზე გაამახვილებს.
„არ მოველით, რომ უკრაინას ნატოს წევრობის მოსაწვევს გადასცემენ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იქნება არსებითი მხარდაჭერის გამოხატვა უკრაინის მიმართ, რომელიც ომის მოგებაზე მუშაობს“, - თქვა ო'ბრაიენმა.
Facebook Forum