ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

22-მა რუსმა დიპლომატმა მოლდოვა დატოვა


რუსმა დიპლომატებმა, რომელთა ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებაც კიშინიოვმა გასულ თვეში მიიღო, მოლდოვა დატოვეს. რუსეთის საელჩოში 80 თანამშრომლიდან 25-ღა დარჩა. ამით ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიები რაოდენობით ერთმანეთს გაუთანაბრდა.

მოლდოვასა და რუსეთს შორის რთული ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც პრო-დასავლურად განწყობილიმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაგმო და მოსკოვი კიშინიოვის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობაშიც დაადანაშაულა.

მოლდოვური მედია-გამოცემები აქვეყნებენ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ რუსეთის საელჩოდან ორი ავტობუსი პოლიციის ესკორტის თანხლებით გადის და აეროპორტისკენ მიემართება.

მოლდოვა ევროპულ გზაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:41 0:00

დიპლომატებთან ერთად კიშინიოვმა ქვეყნის დატოვება ოჯახის წევრებთან ერთად მოსთხოვა საელჩოს 23 სხვა თანამშრომელსაც, რომლებიც ტექნიკურ სამუშაოს ასრულებდნენ. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საელჩოში დარჩენა და მუშაობის გაგრძელება შეუძლია 10 რუს დიპლომატს და 15 დამხმარე პერსონალს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის სხვადასხვა ინსტიტუტის თანამშრომლები, რომლებსაც მოლდოვა დაატოვებინეს, მოსკოვში უკვე დაბრუნდნენ. მათ შორის არიან საელჩოს, სავაჭრო მისიის, კულტურისა და მეცნიერების რუსული ცენტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. "ოფიციალური კიშინიოვისგან ამ არამეგობრულ ნაბიჯს აუცილებლად ექნება გავლენა რუსეთისა და მოლდოვის ურთიერთობაზე", - განაცხადა სამინისტრომ.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ თვეში თქვა, რომ საელჩოს მისიას ამცირებდა იმ შემაშფოთებელი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმადაც, რუსეთი ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს. მოლდოვა დიპლომატიურად და პოლიტიკურად მოსკოვს თანდათან შორდება მას შემდეგ, რაც მაია სანდუმ 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და კიშინიოვის თანახმად, მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასაც ცდილობდა.

XS
SM
MD
LG