მოლდოვის ხელისუფლებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობას შეზღუდავს. კიშინიოვი ამას მოსკოვისგან წლების განმავლობაში "მტრულ დამოკიდებულებას" უკავშირებს. მოლდოვურ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ საელჩოს სახურავზე შესაძლო საჯაშუშო ტექნიკა იყო დამონტაჟებული.
მოლდოვასა და რუსეთს შორის წლების განმავლობაში არსებული რთული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც პროდესავლურმა მთავრობამ და პრეზიდენტმა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაგმეს. ამასთან, სულ რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოსკოვი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადატრიალების და კიშინიოვის პროდასავლური კურსის შეცვლის მცდელობაშიც დაადანაშაულა.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ საჭიროა აკრედიტებული დიპლომატების რაოდენობის შეზღუდვვა, რათა [აქ] იყოს უფრო ნაკლები ადამიანი, ვინც ცდილობს მოლდოვის რესპუბლიკის დესტაბილიზებას", - განაცხადა ქვვეყნის პირველმა დიპლომატმა ნიკუ პოპესკუმ მთავრობის სხდომაზე.
რუსეთის საელჩოში წარმომადგენელთა რაოდენობა ახლა მოსკოვში კიშინიოვის დიპლომატიური მისიის ოდენობას გაუტოლდება. რუსეთმა ეს მოთხოვნა 15 აგვისტომდე უნდა დააკმაყოფილოს. ეს შეზღუდვა 22 დიპლომატსა და 23 ადმინისტრაციულ თანამშრომელს შეეხება.
"ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ რუსეთის მტრული ქმედებების და პოლიტიკის სამიზნე ვიყავით. ბევრი მათგანი სწორედ საელჩოს მეშვეობით განხორციელდა", - განმარტა პოპესკუმ მთხოვრობის გადაწყვეტილება და თქვა, რომ საელჩოს შესაბამისი მოთხოვნა და ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ კი ყოველკვირეულ ბრიფინგზე თქვა, რომ კიშინიოვის ეს გადაწყვეტილება "უპასუხოდ არ დარჩება" და რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ორმხრივი ურთიერთობების განადგურებისკენ.