28 თებერვალს, რეგიონის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების შეხვედრაზე, მოლდოვის სეპარატისტულმა დნესტრისპირეთის რეგიონმა სთხოვა რუსეთს დაეხმაროს მის ეკონომიკას გაუძლოს მოლდოვის „ზეწოლას“. ოფიციალურმა კიშინიოვმა შეხვედრა შეაფასა, როგორც პროპაგანდისტული ღონისძიება.
სეპარატისტებმა დნესტრისპირეთში "ყველა დონის დეპუტატების კონგრესი" გამართეს, მას შემდეგ, რაც მოლდოვამ დნესტრისპირეთის კომპანიებს მოსთხოვა, იანვრიდან ცენტრალურ ბიუჯეტში იმპორტის გადასახადი გადაიხადონ.
კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ის მიმართავს რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას „მოლდოვის მხრიდან მზარდი ზეწოლის პირობებში დნესტრისპირეთის დასაცავად დიპლომატიური ზომების განხორციელების მოთხოვნით“.
თვითგამოცხადებული სახელმწიფო აღმოსავლეთით უკრაინას ესაზღვრება და რუსეთის მხარდაჭერით ინარჩუნებს ავტონომიას კიშინიოვისგან 1992 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ. რუსეთს იქ ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დაძაბულობა გაიზარდა აღნიშნულ სეპარატისტულ რეგიონშიც. მოლდოვასა და რუსეთს შორის ურთიერთობა ასევე დაიძაბა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში პროევროპული კურსის ხელისუფლება მოვიდა, რომელიც მოსკოვს მისი დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელიც ალბანეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამიტზე იმყოფებოდა თქვა, რომ მოლდოვა რჩება დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის ერთგული.
„რასაც დღეს მთავრობა აკეთებს არის მცირე ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკური რეინტეგრაციისთვის“, - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მან და სანდუმ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას განიხილეს "მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონის ბოლო მოვლენები და რუსეთის ძალისხმევა რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის".
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ კიევი "დარჩება აქტიური მონაწილე დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში" და მოუწოდა იქიდან "რუსული ჯარების სწრაფად გაყვანისკენ”.
შეერთებული შტატები „მტკიცედ უჭერს მხარს“ მოლდოვის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ოთხშაბათს ვაშინგტონში.
”რუსეთის მზარდი აგრესიული როლის გათვალისწინებით ევროპაში, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ქმედებებს დნესტრისპირეთში და უფრო ფართო ვითარებას იქ”, - თქვა მილერმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა პრიორიტეტულია და რომ მათი მოთხოვნა ყურადღებით განიხილება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო RIA.
რეგიონის მარიონეტული მთავრობის, ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ტირასპოლში გამართულ კონგრესზე განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის ბიუჯეტში გადახდილი საბაჟო შემოსავლები ახალი რეგულაციის მიხედვით 18%-ით შემცირდა.
„დნესტრისპირეთზე ხორციელდება სოციალური და ეკონომიკური ზეწოლა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებსა და მიდგომებს ადამიანის უფლებების დაცვისა და თავისუფალი ვაჭრობის კუთხით“, - ნათქვამია რეზოლუციაში.