ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიდუმლო სამსახურსა და ადგილობრივ პოლიციას მადლობა გადაუხადა. კვირას, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპი ამბობს, რომ სამუშაო „შესანიშნავად შესრულდა“.
„მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შეშფოთებისა და კეთილი სურვილებისთვის. ეს ნამდვილად საინტერესო დღე იყო. სამუშაო შესანიშნავად იყო შესრულებული“, - დაწერა მან Truth Social-ზე.
კვირას, ფლორიდაში, ვესტ პალმ ბიჩზე, ყოფილი პრეზიდენტის დაცვაზე პასუხისმგებელი პირები, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები იმ გოლფის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებდნენ, სადაც ყოფილ პრეზიდენტს უნდა ეთამაშა. ამ დროს მათ ბუჩქებში შეიარაღებული პირი შენიშნეს და ეჭვმიტანილს ესროლეს. ის გაიქცა, თუმცა მალევე დააკავეს. დონალდ ტრამპი ორი თვის წინ პენსილვანიაში მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, თავდამსხმელის ტყვია მაშინ მას ყურში მოხვდა. გამოძიების ფედერალური ბიური ამბობს, რომ კვირას მომხდარი ინციდენტიც „როგორც ჩანს მკვლელობის მცდელობა იყო“.
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ორშაბათს ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგა. მას იარაღთან დაკავშირებული ორი ბრალი წაუყენეს. სავარაუდოდ, მას სხვა მუხლებითაც წაუყენებენ ბრალს, თუმცა ამ ეტაპზე, იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, დაკავებულ პირს ბრალად ედება იარაღის ფლობა, როგორც ნასამართლევ მოქალაქეს და წაშლილი სერიული ნომრის მქონე იარაღის ფლობა. გამოძიება კი გრძელდება.
ადგილობრივი პოლიციის შერიფი ამბობს, რომ ეჭვმიტანილს თან AK- 47 ტიპის შაშხანა ჰქონდა, სამიზნით აღჭურვილი. ასევე GoPro კამერა და ორი ზურგჩანთა.
„საიდუმლო სამსახურის აგენტმა, რომელიც მოედანზე იყო, სამუშაო ფანტასტიურად შეასრულა“, - თქვა შერიფმა რიკ ბრედშოუმ მომხდარიდან მალევე გამართულ პრესკონფერენციაზე.
„მათ ჰყავთ აგენტი, რომელიც პრეზიდენტის მიერ გოლფის თამაშისას წინ მიიწევს, სანამ ის შემდეგ ფოსომდე დაწინაურდება, აგენტი იქ მიდის და ტერიტორიას ამოწმებს. მან შეძლო ღობიდან დამიზნებული იარაღის ლულა შეენიშნა მაშინვე მოახდინა რეაგირება. პირმა ტერიტორია დატოვა“, - თქვა შერიფმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირა საღამოს განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ შვებისმომგვრელია ის, რომ დონალდ ტრამპი უვნებელია.
„როგორც ბევრჯერ მითქვამს, ჩვენს ქვეყანაში არასდროს არც პოლიტიკური ძალადობის ადგილია და არც არანაირი ძალადობის. მე მივუთითე ჩემს გუნდს, რომ განაგრძოს იმის უზრუნველყოფა, რომ საიდუმლო სამსახურს აქვს ყველა რესურსი, შესაძლებლობა და დამცავი საშუალებები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაცვის უზრუნველყოფა გაგრძელდეს“, - თქვა მან.
ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა კი, ვინც დონალდ ტრამპს ნოემბრის არჩევნებში დაუპირისპირდება, თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო მკვლელობის მცდელობა ძალიან „ღრმად შემაშფოთებელია“.
„როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ჩვენი ადმინისტრაცია უზრუნველყოფს იმას, რომ საიდუმლო სამსახურს აქვს ყველა რესურსი, შესაძლებლობა და დამცავი საშუალება იმისთვის, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისია შეასრულოს“, - ვკითხულობთ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტის განცხადებაში.
სხვადასხვა მედიასაშუალება, მათ შორის The Associated Press, The New York Times და Fox News Channel კვირასვე წერდნენ, რომ თავდამსხმელი რაიან ვესლი რუთია, 58 წლის მოქალაქე ჰავაის შტატიდან. თუმცა ამ ინფორმაციას გამოცემები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული განცხადებებით ირკვევა, რომ რუთი დონალდ ტრამპს 2020 წლის საარჩევნო კამპანიისას ემხრობოდა, მაგრამ ბოლოდროინდელ პოსტებში ბაიდენისა და ჰარისის მიმართ გამოხატავდა მხარდაჭერას. რუთი ასევე ხშირად წერდა უკრაინაში მიმდინარე ომზეც და როგორც ჩანს, ჯარისკაცებს მოუწოდებდა უკრაინის დასახმარებლად ებრძოლათ.
დონალდ ტრამპს არ გამოუცხადებია, რომ დღეს ან უახლოეს დღეებში დაგეგმილ ღონისძიებებში რაიმე ცვლილება იქნება. კონგრესის ორპარტიული სამუშაო ჯგუფის წევრები კი, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტზე 13 ივლისს მომხდარ თავდასხმას იძიებენ, ამბობენ, რომ საიდუმლო სამსახურისგან ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს.
გამოცემა „ასოშეითედ პრესი“ წერს, რომ რაიან ვესლი რუთი ძირითადად ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრობდა, 2018 წელს კი ჰავაიში, კაავაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მის ვაჟს თავისი კომპანია ჰქონდა. რუთი სოციალურ მედიაში ხშირად წერდა უკრაინაში ომის შესახებ და ჰქონდა ვებგვერდიც, რომელზეც ფულის შეგროვებას და მოხალისეების მობილიზებას ცდილობდა იმისთვის, რომ ისინი უკრაინაში წასულიყვნენ და რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში კიევს დახმარებოდნენ.
დონალდ ტრამპზე სავარაუდო თავდასხმის მცდელობის თაობაზე კომენტარი გააკეთეს მოსკოვშიც. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ "ცეცხლთან თამაშს" ყოველთვის აქვს შედეგები და მიუთითა, რომ ეს ამერიკის მიერ უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდება. "ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ ამაზე, ამერიკის დაზვერვის სამსახურები უნდა ფიქრობდნენ.. ყველა შემთხვევაში, ცეცხლთან თამაშს აქვს შედეგები", - თქვა მან. პესკოვმა დასძინა, რომ ამერიკაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის საქმე არაა, მაგრამ პროცესებს აკვირდებიან.
"ჩვენ ვხედავთ, რამდენად დაძაბულია იქ სიტუაცია, მათ შორის პოლიტიკურ კონკურენტებს შორის. პოლიტიკური ბრძოლის ესკალაცია ხდება და განსხვავებული მეთოდებია გამოყენებული", - თქვა მან.
"ნიუ-იოტკ თაიმსმა" დაწერა, რომ გამოცემას რუთი 2023 წელს ესაუბრა. და ის ერთ-ერთი იყო იმ ამერიკელთაგან, ვინც უკრაინის დახმარებას ცდილობდა. რუთმა მაშინ "თაიმსს" უთხრა, რომ ის უკრაინაში 2022 წელს რამდენიმე თვით იმყოფებოდა და ავღანელი ჯარისკაცების რეკრუტირებას ცდილობდა, რათა თალიბანისგან გამოქცეულ ჯარისკაცებს უკრაინის მხარეს ებრძოლათ.
ასევე AP-ის ცნობით, 2020 წლის ივნისში რუთი წერდა, რომ მაშინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებს კიდევ ერთხელ მოიგებდა, თუკი იუსტიციის დეპარტამენტს პოლიციელთა მხრიდან შეუსაბამო ქცევის დასჯას მოსთხოვდა. (ამ დროს ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა და მოქალაქეები მინესოტის შტატში პოლიციელის მიერ დაკავებისას შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებდნენ). იმავე წელს, რუთი მხარდაჭერას უცხადებდა კონგრესმენს ჰავაიდან - ტულსი გაბარდს, რომელიც დემოკრატთა ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატიც კი იყო, შემდეგ კი პარტია დატოვა და დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი.
13 ივლისს ყოფილ პრეზიდენტზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რუთი წერდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს დაჭრილები საავადმყოფოში უნდა მოენახულებინათ და მოკლული მოქალაქის დაკრძალვასაც უნდა დასწრებოდნენ. 2012 წელს რუთი ჩრდილოეთ კაროლინაში იყო ამომრჩევლად რეგისტრირებული, თუმცა კონკრეტულ პარტიასთან აფილირების გარეშე. 2024 წელს კი დემოკრატიული პარტიის პრაიმარიში მონაწილეობდა. 2019 წლიდან კი დემოკრატების მხარდამჭერ ორგანიზაციას რამდენჯერმე მცირე თანხა შესწირა, სულ 140 $-ის ოდენობით. 2002 წელს ის "მასობრივი განადგურების იარაღის ფლობისთვის" გაასამართლეს, თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებში საქმის დეტალები განხილული არაა. თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამავე სახელის ადამიანი იყო დაკავებული.