ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გავლენიანმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მხარდაჭერა კამალა ჰარისს გამოუცხადა


ტეილორ სვიფტის გზავნილი "ინსტაგრამზე", სადაც მას 280 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
ტეილორ სვიფტის გზავნილი "ინსტაგრამზე", სადაც მას 280 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

10 სექტემბერს, ამერიკის მუსიკის ინდუსტრიის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა არჩევნებზე მხარდაჭერა დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამოუცხადა. მან განცხადება "ინსტაგრამზე" საპრეზიდენტო დებატების დასრულებიდან მალევე გამოაქვეყნა. 5 ნოემბრის არჩევნებზე ჰარისის ოპონენტია ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი.

"ვფიქრობ, ის მტკიცე ნების, ნიჭიერი ლიდერია და მწამს, რომ ჩვენ გაცილებით მეტს მივაღწევთ ამ ქვეყანაში, თუკი გვეყოლება მშვიდი და არა ქაოტური ლიდერი", - დაწერა სვიფტმა თავის "ინსტაგრამის" გვერდზე და განცხადებას იქვე დაურთო არჩევნებზე ხმის მიცემისთვის საჭირო, სარეგისტრაციო ბმული.

სვიფტს "ინსტაგრამზე" 280 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. კამალა ჰარისზე მის განცხადებას სულ რაღაც ნახევარ საათში 2 მილიონ 300 000-ზე მეტი მოწონება ჰქონდა.

განცხადებას თან ახლავს კატასთან ერთად გადაღებული ფოტო და ხელმოწერა: "უშვილო ქალი კატით". ეს რეპლიკა სავარაუდოდ, მიმართულია რესპუბლიკელთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯეი დი ვენსისადმი, რომელმაც ერთხელ აღნიშნული გამოთქმა უარყოფით კონტექსტში იხმარა.

ჰარისის კამპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სვიფტის მხარდაჭრა მათთან კოორდინირებული არ ყოფილა. როცა "ინსტაგრამზე" მისი განცხადების შესახებ შეიტყო, დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლცი ინტერვიუს აძლევდა ტელეკომპანია MSNBC-ის წამყვანს, რეიჩელ მედოუს. "გარკვევით უთქვამს... სწორედ ასეთი სიმამაცე გვესაჭიროება დღეს ამერიკაში", - თქვა მან პასუხად.

ტრამპის კამპანიამ ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა. "ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დემოკრატიული პარტია სამწუხაროდ, მდიდარი ელიტის პარტია ხდება", - განაცხადა კამპანიის პრესსპიკერმა კაროლინ ლევიტმა და დასძინა: "ტრამპს კიდევ ბევრი სხვა სვიფტი ჰყავს ამერიკაში".

XS
SM
MD
LG