ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სროლა ტრამპის გოლფის მოედანთან, ტრამპი უვნებელია, ეჭვმიტანილი - დაკავებული


რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შედეგად უვნებელია. სროლა ფლორიდის შტატში, ვესტ პალმ ბიჩზე მდებარე მის გოლფის მოედანთან მოხდა. გამოძიების ფედერალური ბიურო - FBI - ამბობს, რომ საქმეს მისი მკვლელობის მცდელობის მიმართულებით იძიებს.

სამართალდამცავი უწყებების ცნობით, ამერიკის საიდუმლო სამსახურმა, რომელიც კონკრეტული თანამდებობის პირებისა და კანდიდატების უსაფრთხოებას იცავს, ტრამპის კერძო საკუთრების სიახლოვეს, ბუჩქებში დამალული შეიარაღებული პირი შენიშნა და მას ესროლა. პირი AK-47 შაშხანით იყო შეიარაღებული.

მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ეჭვმიტანილი რაიან ვესლი რუთია, 58 წლის მოქალაქე ჰავაის შტატიდან. ამ ცნობებს "ასოშეითედ პრესი", "ნიუ-იორკ თაიმსი" და "ფოქს ნიუსი" ანონიმურ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებენ. თუმცა გამოცემა "როიტერს", რომლის ინფორმაციასაც ეს მასალა ეყრდნობა, ეს ცნობები დამოუკიდებლად არ დაუდასტურებია.

პალმ ბიჩის ოლქის შერიფმა რიკ ბრედშოუმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საიდუმლო სამსახურის აგენტებმა დონალდ ტრამპისგან დაახლოებით 360-460 მეტრის დაშორებით იარაღის ლულა შენიშნეს, როცა მისი თამაშის წინ ტერიტორიას ამოწმებდნენ. მათ თავდამსხმელის მიმართულებით 4-ჯერ გაისროლეს. შეიარაღებულმა პირმა პოლიციის ცნობით, იარაღი, ორი ზურგჩანთა და სხვა ნივთები დაყარა და შავი "ნისანის" მარკის ავტომობილისკენ გაიქცა. შერიფის თქმით, მოწმემ შეიარაღებული ადამიანი დაინახა და მისი მანქანისა და სამანქანე ნომრებისთვის ფოტოს გადაღება მოასწრო.

მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილი მომხდარის ადგილიდან გაიქცა, სამართალდამცავებმა შტატის მასშტაბით სპეციალური საგანგაშო სიგნალები გააგზავნეს და ავტომობილის შესახებ ინფორმაციაც შესაბამის უწყებებს გადასცეს. შედეგად, მეზობელ მარტინის ოლქში ეჭვმიტანილი ტრასაზე დააკავეს.

"ჩვენ გვყავს ერთი დაკავებული", - თქვა შერიფმა ბრედშოუმ თუმცა ეჭვმიტანილის ვინაობა ან შესაძლო მოტივი არ დაუკონკრეტებია.

დონალდ ტრამპმა თავისი დონორებისთვის მიწერილ წერილში თქვა, რომ ის უვნებელია და თავს კარგად გრძნობს.

დონალდ ტრამპი 13 ივლისს მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. ამ ინციდენტის შემდეგ საზოგადოებაში საიდუმლო სამსახურის მუშაობის შესახებ დისკუსიები გამწვავდა. თითქმის 4 ათწლეულის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტზე თუ პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის, თუ რამდენად საკმარის ზომებს იღებს უსაფრთხოებისთვის საიდუმლო სამსახური. შედეგად, სამსახურის დირექტორი კიმბერლი ჩიტლი თანამდებობიდან გადადგა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება.

თეთრმა სახლმა თქვა, რომ პრეზიდენტ ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს. "ამერიკაში ძალადობას ადგილი არ აქვს", - დაწერა კამალა ჰარისმა "X"-ზე.

დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, სენატორმა ჯეიდი ვენსმა თქვა, რომ ის ტრამპს ესაუბრა და რომ ის თავს კარგად გრძნობს და კარგ განწყობაზეა.

XS
SM
MD
LG