ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი, ჰარისი და ტრამპი, ნიუ-იორკში, 9/11-ის  მემორიალს ეწვივნენ


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის ტერაქტის მემორიალთან ერთად მივიდნენ. ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ისინი ღონისძიებაში ერთად მონაწილეობდნენ. 2001 წლის 11 სექტემბერს, ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენზე ტერორისტულ თავდასხმას, 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, დემოკრატმა კამალა ჰარისმა და რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, შეხვედრისას ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაესაუბრნენ. ამ შეხვედრას წინ უსწრებდა გუშინ, 10 სექტემბერს გამართული საპრეზიდენტო დებატები, სადაც ჰარისი და ტრამპი ერთმანეთს არა მხოლოდ დებატების ფორმატში, არამედ ასევე ზოგადად, ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ.

მემორიალთან, ოფიციალური პირების განცხადებების ნაცვლად, ტერაქტის მსხვერპლთა ახლობლებმა, დაღუპულების სახელები წაიკითხეს.

2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ-ყაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა, მანჰეტენის გარდა, თავდასხმა ასევე განახორციელეს პენტაგონზე და თვითმფრინავზე, რომელიც პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგი, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის იდგა.

ნიუ-იორკის შემდეგ, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი შენკსვილში, პენსილვანიაში გაფრინდნენ. სწორედ შენკსვილში, გადატაცებული თვითმფრინავის მგზავრებმა, ტერორისტების განეიტრალება მოახერხეს და თვითმფრინავი ველზე ჩამოვარდა. პენსილვანიის შემდეგ, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი, მემორიალს ასევე ეწვევიან პენტაგონში.

"23 წლის წინ, ამ დღეს, ტერორისტებს სჯეროდათ, რომ შეეძლოთ ჩვენი ნების გატეხვა და დაჩოქება. ისინი ცდებოდნენ. ისინი ყოველთვის ცდებოდნენ. ყველაზე ბნელ საათებში ჩვენ ვიპოვეთ სინათლე და შიშის წინაშე გავერთიანდით - ჩვენი ქვეყნის დასაცავად და ერთმანეთის დასახმარებლად“, - თქვა ბაიდენმა დილით ადრე გაკეთებულ განცხადებაში.

ტრამპმა, რომელიც ასევე გეგმავს პენსილვანიის მემორიალის მონახულებას, განუცხადა Fox News-ს ოთხშაბათს: "ეს იყო ძალიან, ძალიან სევდიანი, საშინელი დღე. მსგავსი არასდროს არაფერი ყოფილა."

მანამდე, პრეზიდენტმა ბაიდენმა საგანგებო განცხადება გამოსცა, რომელიც პატივს მიაგებს ტერორისტული თავდასხმის დროს დაღუპულებს და ასევე, ასობით ათას ამერიკელს, რომლებიც თავდასხმის შემდეგ, სამხედრო სამსახურში მოხალისეობრივად გამოცხადდნენ.

„ჩვენ ამ პატრიოტების, 9/11-ის თაობის ვალი გვმართებს, რომელსაც სრულად ვერასდროს გადავიხდით“, - განაცხადა ბაიდენმა.

XS
SM
MD
LG