ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართა და მათ ერთიანობისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. პრეზიდენტმა ერს მას შემდეგ მიმართა, რაც ამერიკის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ტრამპი ახლა მილვოკიში, რესპუბლიკელების კონვენციისთვის არის ჩასული. დიდი ალბათობით, მას სწორედ ამ შეკრებაზე დაასახელებენ ოფიციალურად რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად.
პენსილვანიაში მომხდარი სროლიდან რამდენიმე წამის შემდეგ, ტრამპი წამოდგა და თავის მხარდამჭერებს აჩვენა, რომ კარგად იყო. ბაიდენმა კი თავის სიტყვით მიმართვაში ამერიკელებს უთხრა, რომ მათი ძლიერება საარჩევნო ყუთებთან უნდა გამოჩნდეს და არა ტყვიის მეშვეობით.
"ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, მინდა ამაღამ გესაუბროთ იმაზე, რომ საჭიროა პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა და იმის დამახსოვრება, რომ შეიძლება ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ერთმანეთის მტრები არ ვართ. ჩვენ მეზობლები, მეგობრები, თანამშრომლები, მოქალაქეები და რაც მთავარია, ამერიკელები ვართ, ერთად უნდა დავდგეთ", - თქვა ჯო ბაიდენმა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა საღამოს მიმართვამდე, კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა თეთრი სახლიდან და ამერიკელებს თხოვა არ გამოეტანათ წინასწარი დასკვნები იქამდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.
"მოვუწოდებ ყველას, ყველას, გთხოვთ, არ დააკსვნათ არაფერი [წინასწარ], მოტივებსა და კავშირებზე", - თქვა პრეზიდენტმა.
ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპი „კარგადაა და გამოჯანმრთელდა“ და რომ მან გადადგა ნაბიჯები, რათა საიდუმლო სამსახურს მიაწოდოს „ყველა რესურსი, შესაძლებლობა და დამცავი ზომა, რომელიც აუცილებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ბაიდენმა თქვა, რომ მან დაავალა ელიტარულ სამართალდამცავ სააგენტოს, საიდუმლო სამსახურს, გადახედოს უსაფრთხოების ყველა ზომას რესპუბლიკური პარტიის კონვენციის დაწყებისთვის.