რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ კვლავ უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა თავდამსხმელს.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტრამპის მოკვლას 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი ცდილობდა, რომელის ლიკვიდაციაც ადგილზე მოხდა.
ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ამბობს, რომ გამოძიება ადრეულ ეტაპზეა და ამ დროისთვის ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, იყვნენ თუ არა სხვა პირებიც ჩართულნი დონალდ ტრამპის მვკელობის მცდელობის საქმეში.
ცნობილია, რომ თავდამსხმელის მანქანაში აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობა და იარაღი, რომელიც, სავარაუდოდ, მამამ შეიძინა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კრუქსი მარტო მოქმედებდა. სპეციალისტები ახლა ცდილობენ მისი ტელეფონი გახსნან, რაც საგამოძიებო ორგანოებს ბრალდებულის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია კი თავდამსხმელის შესახებ ბევრს არაფერს ამბობს.
„დისქორდი“, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმაა და მას, ძირითადად, ვიდეოთამაშების მომხმარებლები იყენებენ, „ამერიკის ხმას“ უდასტურებს ინფორმაციას, რომ აღმოჩენილია კრუქსთან დაკავშირებული გვერდი, თუმცა ვებგვერდის ადამინისტრაცია განმარტავს, რომ ეს ანგარიში თვეების განმავლობაში არ იყო აქტიური. „დიქსორდი“ „ამერიკის ხმას“ აწვდის ინფორმაციას, რომ ანგარიში რამდენჯერმე შემოწმდა, თუმცა დანაშაულის დაგეგმვასთან, ძალადობის ხელშეწყობასთან ან პოლიტიკასთან დაკავშირებული ჩანაწერები ვერ მოიძებნა.
მას შემდეგ, რაც ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილი გახდა, კრუქსის შესახებ მისი ნაცნობები საუბრობენ. ჯეისონ კოლერი, რომელიც კრუქსთან ერთად სწავლობდა და მას კარგად იცნობდა, ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ის გარიყული იყო.
„ის იყო ბავშვი, რომელიც მუდამ მარტოა. მას ყოველთვის ძალიან ჩაგრავდნენ, აბუჩად იგდებდნენ“, - ამბობს ჯეისონ კოლერი ჟურნალისტებთან საუბრისას. კოლერი განმარტავს, კრუქსს ხშირად ჩაცმის სტილისა და ქცევის მიზეზით ჩაგრავდნენ. მისი თქმით, კრუქსს ძირითადად სამხედრო ტანსაცმელი ეცვა და პანდემიის დასრულების შემდეგაც კი, სამედიცინო ნიღაბს ატარებდა.
„შეგეძლოთ შეგეხედათ მისთვის და გეგონებოდათ, რომ რაღაც ცოტა ისე ვერ არის“, - ამბობს კოლერი.
კრუქსმა სკოლა 2022 წელს დაამთავრა და როგორც ცნობილია, მან მათემატიკისა და მეცნიერების ცოდნის გამო, $500 ოდენობის ჯილდოც მიიღო.
ოფიციალური ინფორმაციით, 20 წლის კრუქსი რეგისტრირებული რესპუბლიკელია და ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. გამოძიების ფედერალური ბიურო ამბობს, რომ თომას კრუქსი სამართალდამცავების ყურადღების ქვეშ წარსულში არასდროს მოქცეულა. პენტაგონიც ადასტურებს, რომ ბრალდებულს კავშირი არც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენთთან ჰქონდა.
ამ დრომდე არ იძებნება ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც ტრამპზე თავდამსხმელის ფსიქიკურ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. მისის ოჯახი ამბობს, რომ მათთვის წარმოუდგენელია, რომ მათ შვილს ამის გაეთება შეეძლო.
Facebook Forum