ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში „როიტერისა“ და „ასოშეითედ პრესის“ ჟურნალისტებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ


რუსეთში ბრიტანული და ამერიკული საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა სანამ საბოლოო ვერდიქტი იქნება გამოტანილი, სააგენტო „როიტერისა“ და ასოშეითედ პრესის“ ჟურნალისტებს სერგეი კარელინსა და კონსტანტინე გაბოვს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა სექტემბერამდე გაუხანგრძლივა.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო და ის სასამართლო დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს და მათ უფლებადამცველებს გააცნო. სხდომამდე და სხდომის შემდეგ დაკავებულ ჟურნალისტებს საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების საშუალება არ ჰქონიათ.

სააგენტო „როიტერი“, რომლისთვისაც კონსტანტინე გაბოვი მუშაობდა, ამბობს, რომ ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის შესრულება თავისუფლად უნდა შეეძლოთ.

„როიტერი" პრესის თავისუფლების [პრინციპის] ერთგულია და ეწინააღმდეგება ნებისმიერი ჟურნალისტის დაკავებას, დევნას საკუთარი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო“,- ნათქვამია „როიტერის“ ოფიციალურ განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ უფლება, საზოგადოებას მიაწოდონ ახალი ამბები, შევიწროვების, ფიზიკური საფრთხის, შიშის გარეშე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის განცხადება არ გაუვრცელებია „ასოშეითედ პრესს“, სააგენტოს კითხვით „როიტერის“ ჟურნალისტმა მიმართა.

გაბოვს და კარელინს რუსეთის საგამოძიებო ორგანო იმ მასალის გამო ასამართლებს, რომელიც „იუთუბ" არხ „ნავალნი ლაივისთვის“ მომზადდა. გვერდს სოციალურ მედიაში ალექსეი ნავალნის მოკავშირეები მართავენ. ნავალნი, რომელიც პუტინის მთავარი კრიტიკოსი იყო, წელს რუსეთის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და კრიტიკული აზრის დევნა ქვეყანაში კიდევ უფრო გამკაცრდა, რუსეთი საერთაშორისო მედიების ნაწილმა დატოვა.

ქვეყნიდან წავიდნენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც და კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების ნაწილიც, მათ შორის პოლიტიკოსები და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი, ვინც დარჩნენ, მუდმივ საფრთხეში გრძნობენ თავს, ამბობენ ანალიტიკოსები. იზრდება იმ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების რიცხვიც, ვინც კრიტიკული აზრის გამო რუსეთის ციხეში აღმოჩნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG