ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში იეჰოვას მოწმეებს ექსტრემიზმის ბრალდებით რვა წელზე მეტი მიუსაჯეს


რუსეთში, რელიგიური ჯგუფის, იეჰოვას სამ მოწმეს, ექსტრემისტული აქტივობისთვის 8 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იეჰივას მოწმეთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთში ასობით სამართლებრივი დევნის საქმის ფონზე, ეს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ სასჯელის ყველაზე მაღალი ზომაა.

იეჰოვას მოწმეთა ნიუ-იორკში ბაზირებული სპიკერი, ჯაროდ ლოპესი აცხადებს, რომ განაჩენი გამოტანილი იქნა საქმეზე, რომელიც დაიწყო 2018 წელს, კაფეში პოლიციის დარბევის შედეგად, სადაც იეჰოვას დაახლოებით 50 მოწმე, არა რელიგიურ, არამედ სოციალური ხასიათის ღონისძიებას ესწრებოდა.

"ამ სასამართლო პროცესის დროს განხილული ყველა ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ მე მდევნიან არა რეალური დანაშაულისთვის, არამედ ჩემი რელიგიური შეხედულებების გამო. პროკურატურა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ცდილობს გააძლიეროს იდეა, რომ მე ჩავიდინე დანაშაული", - ლოპესის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი დაკავებულის, ნიკოლაი პოლევედოვის პოზიცია.

პოლევოდოვს მიესაჯა 8,5 წელი, ვიტალი ჟუკს რვა წელი და ოთხი თვე, სტანისლავ კიმს კი რვა წელი და ორი თვე, თქვა ლოპესმა. სამ ქალს - ჟუკის მეუღლეს ტატიანას, სვეტლანა სედოვას და მაია კარპუშკინას - პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.

რუსეთის რელიგიურ ცხოვრებაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დომინირებს, რომელიც მხარს უჭერს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი იეჰოვა მოწმეებს „ტოტალიტარულ სექტად“ განიხილავს, რომელიც ცნობილია კარდაკარ ქადაგებითა და სამხედრო სამსახურზე უარის თქმით.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, 2017 წელს, იეჰოვას მოწმეები „ექსტრემისტებად“ გამოაცხადა, რითაც გააუქმა და აკრძალა მათი თითქმის 400 წარმომადგენლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ლოპესის თქმით, მას შემდეგ, ხელისუფლებამ დაარბია იეჰოვას მოწმეების 2 102 სახლი, სისხლის სამართლის ბრალი წაუყენა 811 მამაკაცსა და ქალს. თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იეჰოვას 160 მოწმეს, ბევრმ მათგანს 5 წელზე მეტი ხნის ვადით.

XS
SM
MD
LG