ორშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ჰქონდა კონტაქტი პატიმრების შესაძლო გაცვლის თაობაზე, რომელიც „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნლისტ ევან გერშკოვიჩს შეეხება, მაგრამ რუსეთი დეტალებზე არ საუბრობს.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ვლადიმირ პუტინზე დაყრდნობით თქვა, რომ რუსეთს და შეერთებულ შტატებს ამ საკითხზე კონტაქტი ჰქონდათ.
პესკოვმა თქვა, რომ კონტაქტები „მიმდინარეობს, მაგრამ ის სრულ სიჩუმეში უნდა გაგრძელდეს... შესაბამისად ამ საკითხზე ანონსი, განცხადებები ან ინფორმაცია არ გავრცელდება“.
კითხვაზე, თუ შპიონაჟის საკითხზე გერშკოვიჩის სასამართლო დახურულ კარს მიღმა რატომ ჩატარდა, პესკოვმა თქვა რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ შეეძლო, რადგან გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.
32 წლის გერშკოვიჩი, რუსეთის ფედერალური გამოძიების ბიურომ, 2023 წლის 29 მარტს, ეკატერინბურგის რესტორანში შპიონაჟის ბრალდებით დააკავა, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გერშკოვიჩი ცივი ომის შემდეგ პირველი ჟურნალისტია, რომელიც რუსეთში შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. გერშკოვიჩი და "უოლ სტრიტ ჯორნალი" ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.