პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთს აზღვევინებს "შემაძრწუნებელი მცდელობების" გამო, გამოიყენოს ამერიკელები ვაჭრობის საგნად. ეს განცხადება ბაიდენმა Wall Street Journal-ის რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩის რუსეთში დაკავების ერთი წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა.
32 წლის გერშკოვიჩი, პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც, ცივი ომის შემდეგ, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. დღეს, 29 მარტს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც ჟურნალისტი პატიმრობაშია.
"როგორც ევანის მშობლებს ვუთხარი, იმედს არასდროს დავკარგავ. ჩვენ გავაგრძელებთ ყოველდღიურ მუშაობას მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ბაიდენის სახელით, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბაიდენი ჟურნალისტის დაკავებას "სრულიად უსამართლოს და უკანონოს" უწოდებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ [მომხდარის] დაგმობას და საფასურის დაწესებას რუსეთის შემზარავი მცდელობისთვის, გამოიყენოს ამერიკელები, როგორც ვაჭრობის საშუალება“, - დასძინა ბაიდენმა.
თავად რეპორტიორი, გამოცემა სადაც ის მუშაობდა და ამერიკის მთავრობა უარყოფენ, რომ ის ჯაშუშია. რუსეთის ფედერალური დაზვერვის სამსახურში, მისი დაკავებისას, ამტკიცებდნენ, რომ გერშკოვიჩი ცდილობდა რუსეთის სამხედრო საიდუმლოების მოპოვებას.
შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერებმა, მათ შორის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, ასევე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ჟურნალისტის დაკავებას უსაფუძვლო და უსამართლო უწოდეს.