ამერიკის არმიის სერჟანტი რუსეთის სასამართლომ გაასამართლა და მას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 32 წლის გორდონ ბლექი დამნაშავედ ცნეს შეყვარებულზე ფიზიკურ თავდასხმასა და მის გაქურდვაში. მამაკაცი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა აღიარებს, რომ ქალს ხელი გარტყა მაშინ, როდესაც ნასვამი შეყვარებული მას საერთო ბინის დატოვების საშუალებას არ აძლევდა.
დღეს გამართულ სასამართლომდე, ქურდობასთან დაკავშირებით ის თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობდა და ამბობდა, რომ ქალის საფულიდან ფული მართლაც ამოიღო, თუმცა ეს მიზანმიმართულად არ გაუკეთებია.
ბლექი ამბობს, რომ მან ქალს, დაახლოებით, 100 დოლარი ამოაცალა ჩანთიდან, თუმცა, მოგვიანებით, საერთო ნაცნობის მეშვეობით, მას 500 დოლარი დაუბრუნა, რაც მოპარულ თანხაზე მეტია.
რუსეთის პროკურატურა ბლექისთვის, მინიმუმ, 5-წლიან პატიმრობას ითხოვდა. მას ასევე დაევალა, რომ ქალს 115 დოლარი - მოპარული თანხა გადაუხადოს.
ბლექის ადვოკატი ამბობს, რომ მისი კლიენტი უდანაშაულოა და რომ ის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ამერიკული მხარე ამბობს, რომ ჯარისკაცმა მაისში სამხედრო წესები დაარღვია და რუსეთში თავის რუს შეყვარებულთან ერთად, სამხრეთ კორეიდან ჩინეთის გავლით ჩავიდა. ჯარისკაცი კორეაში მისიით იმყოფებოდა, თუმცა, მას ზემდგომებისთვის არ შეუტყობინებია, რომ სახლში დაბრუნების ნაცვლად, რუსეთში მიდიოდა.
ბლექი იმ ათიოდე ამერიკელს შორისაა, რომლებიც ახლა რუსეთში არიან დაკავებული და რომლებსაც მოსკოვი ძირითადად ვაშინგტონთან პატიმართა გაცვლის თაობაზე თუ სხვა საკიტხებზე სავაჭროდ იყენებს.