ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ შოიგუს და გერასიმოვის დაპატიმრების ორდერები გასცა


რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისთვის, სამშაბათს, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის სერგეი შოიგუს და წამყვანი გენერლის, ვალერი გერასიმოვის დაპატიმრების ორდერები გასცა.

ამით, მოსკოვის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ჯარების გაგზავნის შემდეგ, მაღალი რანგის რუსი ეჭვმიტანილების წინააღმდეგ გაცემული დაპატიმრების ორდერების რაოდენობა რვამდე გაიზარდა. მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციისთვის ბრალი აქვს წაყენებული.

კიევი სასამართლოს ამ ნაბიჯს მიესალმა, მაგრამ მოსკოვმა ის იურიდიულ აზრს მოკლებულად გამოაცხადა.

ჰააგაში ბაზირებულმა სასამართლომ განაცხადა, რომ შოიგუ და გერასიმოვი ეჭვმიტანილნი არიან ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში იმის გამო, რომ უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმებს წარმართავდნენ.

მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არსებობდა „გონივრული საფუძველი იმის სარწმუნად, რომ ორ ეჭვმიტანილს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ეკისრება, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან, სულ მცირე 2023 წლის 9 მარტამდე, ნათქვამია სასამართლოს პრეს-რელიზში.

რუსეთმა, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი არ არის, არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგო-ინფრასტრუქტურა ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა და სამოქალაქო მოსახლეობის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღებას უარყოფს.

უკრაინაც არ არის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, მაგრამ სისხლის სამართლის სასამართლოს მიანიჭა იურისდიქცია, რათა მის ტერიტორიაზე 2013 წლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სამართლებრივი დევნა განახორციელოს.

რუსეთის უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ სასამართლოს ქმედება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის ნაწილია.

XS
SM
MD
LG