ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინას თავის დასაცავად რუსეთზე იერიშის უფლება აქვს - სტოლტენბერგი


უკრაინას აქვს უფლება, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, იერიში მიიტანოს რუსეთში ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე იმისთვის, რომ თავი დაიცვას, - თქვა 7 ივნისს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთში ვიზიტისას. შვედეთი ნატოს უახლესი წევრია, რომელმაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე ნეიტრალიტეტზე უარი თქვა და ალიანსს გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა.

"უკრაინას აქვს უფლება თავი დაიცვას", - თქვა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე, რომელიც სტოკჰოლმთან ახლოს, სამხედრო ბაზაზე პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართა. "თავისდაცვის უფლება ასევე მოიცავს უფლებას, დაარტყა ლეგიტიმურ, სამხედრო სამიზნეებს თავდამსხმელი მხარის ტერიტორიაზე, აგრესორი მხარის, ამ შემთხვევაში, რუსეთის" - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, "ეს ომი არის თავდასხმითი, რომელიც რუსეთმა მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო. უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არცერთ ეტაპზე არ ყოფილა რუსეთისთვის საფრთხე".

კრემლი კი განაგრძობს მუქარას. ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით მომარაგებისას, რათა ის რუსეთის ტერიტორიას თავს დაესხას, უნდა გაითვალისწინონ, რომ ისიც განიხილავს დასავლეთის მტრების იარაღით მომარაგების საკითხს.

გასულ კვირას, დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას უფლება მისცეს ხარკივის მახლობლად რუსეთის გაძლიერებულ იერიშებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნას და იერიში რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დასავლური იარაღით მიიტანოს. თუმცა, კვლავ შეზღუდვად რჩება დასავლური, შორი რადიუსის იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმები.

XS
SM
MD
LG