რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ახალი საპრეზიდენტო ვადის პირველ საერთაშორისო ვიზიტს ჩინეთში მართავს. ვიზიტის განმავლობაში მთავარი აქცენტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე კეთდება. პუტინი უკვე შეხვდა ჩინელ კოლეგა სი ძინპინს. „უსაზღვრო“ პარტნიორობის ფარგლებში მათ შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა 16 მაისს მოინახულა ქალაქი ჰარბინი, სადაც ადრე ბევრი ეთნიკურად რუსი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ახლა შეცვლილია, ისტორიული კავშირები ნარჩუნდება, ამის ნათელი დემონსტრირებაა წმინდა სოფიას ტაძარი, რომელიც იქ მდებარეობს.
პუტინი რეგიონში სტუდენტებს შეხვდა, შემდეგ ტექნოლოგიურ გამოფენასაც დაესწრო. რუსეთის პრეზიდენტმა ეკონომიკურ კავშირებზე ისაუბრა და ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდას მიესალმა. ჩინეთში მყოფი პუტინი აღნიშნავს, რომ მოსკოვი და ჩინეთი ტექნოლოგიების ერთობლივ განვითარებაზე მუშაობენ.
ჩინეთში პუტინის ვიზიტის დროს მთავარი აქცენტი ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებზე კეთდება. „მეგობრობისა და თანამშრომლობის ტრადიციებზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია მომავალს თავდაჯერებით გავუსწოროთ თვალი“,- თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
ჰარბინში ყოფნის დროს რუსეთის პრეზიდენტმა დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებითაც შეამკო. საუბარია მეომრებზე, რომლებიც ჩინეთის სასარგებლოდ იაპონელების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდნენ, მაშინ როცა იაპონიამ ჩინეთის ნაწილი დაიპყრო.
ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ჩინეთში ხუთშაბათს, 16 მაისს, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრით დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა სი ძინპინს მადლობა გადაუხადა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ჩინეთის მიერ შემუშავებული წინადადებისთვის. თავის მხრივ სიმ კი იმედი გამოთქვა, რომ ეს წინადადება ევროპაში მშვიდობას მოიტანს.
საუბარია ინიციატივაზე, რომელსაც ოფიციალური კიევი არ იზიარებს. პეკინის იდეას დასავლეთშიც აკრიტიკებენ. პუტინისა და სის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში კი, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო გააკრიტიკეს.