ვოლკერ თურქმა - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 23 აპრილს თქვა, რომ ის "შეძრწუნებულია" ცნობებით ღაზის სექტორში, კონკრეტულად კი ნასერის და ალ-შიფას სამედიცინო ცენტრებში, მასობრივი საფლავების შესახებ.
პალესტინელების თქმით, ნასერის საავადმყოფოში მასობრივი საფლავები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ამ კვირაში, ისრაელის ჯარებმა ტერიტორია დატოვა. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ პალესტინის ხელისუფლების განცხადება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ცხედრები დამარხეს, "უსაფუძვლოა".
პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ცნობით, რომელიც "ჰამასის" კონტროლქვეშ იმყოფება, ანალოგიური ვითარებაა ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზეც, სადაც ისრაელის სპეციალური ძალები ოპერირებდნენ.
რავინა შამდასანი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სპიკერი, ამბობს, რომ უფლებადამცველი ორგანიზაცია ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევს, რადგან ადგილზე მრავალი ცხედარი აღმოაჩინეს.
მისი თქმით, ვოლკერ თურქი "შეძრწუნებულია" საავადმყოფოებში მომხდარი ნგრევითა და მასობრივი საფლავების აღმოჩენით.
„ზოგიერთ მათგანს ხელები ჰქონდა შეკრული, რაც, რა თქმა უნდა, მიანიშნებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევებზე და ამ ვითარების შემდგომი გამოძიება უნდა მოხდეს", - აღნიშნავს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პრესსპიკერი. შამდასანი იქვე დასძენს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი მუშაობს პალესტინელი ოფიციალური პირების ცნობების დადასტურებაზე, რომ ნასერის საავადმყოფოში - 283 და ალ შიფაში 30 ცხედარი იქნა ნაპოვნი.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჯარმა, რომლებიც ისრაელელ მძევლებს ეძებდნენ, შეამოწმეს პალესტინელების მიერ ადრე დაკრძალული ცხედრები ნასერის საავადმყოფოს მახლობლად და დააბრუნეს ცხედრები იქ, სადაც ისინი დაკრძალული იყვნენ, გამოკვლევის შემდეგ.
"გამოკვლევა ჩატარდა ფრთხილად და ექსკლუზიურად იმ ადგილებში, სადაც დაზვერვა მიუთითებდა მძევლების შესაძლო არსებობაზე. ექსპერტიზა ჩატარდა პატივისცემით, გარდაცვლილის ღირსების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელი აქამდე ამბობდა, რომ ამ საავადმყოფოებს "ჰამასის" მებრძოლები ერთგვარ ფარად იყენებდნენ და იქ სინამდვილეში მათი სამხედრო ბაზები იყო განთავსებული. ისრაელის განცხადებით, მათმა ძალებმა ალ-შიფაში დაახლოებით 200 "ჰამასის" მებრძოლი მოკლეს და სამხედრო ოპერაციის დროს, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ აერიდებინათ თავი მსხვერპლისთვის მშვიდობიან მოსახლეობაში.
Facebook Forum