„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიცირების შემდეგ აცხადებს, რომ ამავე კანონის წინააღმდეგ „ისტერიულ კამპანიას“ შარშან სათავეში ჩაუდგა „ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი“, რომელიც „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას, - კანონისა, რომლის წარდგენამაც 2023 წლის მარტში, მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩააგდო და უკან გაიწვია.
3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი არ მიიღეს, „მდიდარი ენჯეოების... ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.
შემდეგ მდინარაძემ განაცხადა, რომ კანონის წინააღმდეგ „ისტერიული კამპანია“ მოქმედებდა და „ყველაზე შემაშფოთებელია“, რომ „მას "სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელიც მაშინ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში კი, საქართველოში არა ამ ქვეყნის, არამედ - „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა“.
მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ასევე თქვა, რომ „ყოფილმა ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, „რუსულ კანონად“ მონათლა“.
მამუკა მდინარაძეს არ დაუსახელებია, ვის გულისხმობდა. თუმცა ბევრის აღქმით, ის საუბრობდა კელი დეგნანზე, შეერთებული შტატების ყოფილ ელჩზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად აკრიტიკებდნენ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე მესამე წელია იმეორებენ, თითქოს არსებობს ე.წ. „გლობალური ომის პარტია", რომლის მიზანია, საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაითრიოს და ამის მისაღწევად იყენებს ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ევროპარლამენტარებს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიხეილ სააკაშვილს, სალომე ზურაბიშვილსა და სხვა არაერთ ადამიანსა თუ ორგანიზაციას. „ქართული ოცნების“ ლიდერები გამუდმებით უარს ამბობენ, დააკონკრეტონ, ვის გულისხმობენ „გლობალური ომის პარტიაში“.
მამუკა მდინარაძემ "ახალი ელჩიც" ახსენა, კვლავ დასახელების გარეშე, და თქვა, რომ ახალი ელჩის პირობებში, "საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა შესუსტდა და გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ მოქმედი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს“.