კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოში არ იარსებებს. 10 მარტს პარლამენტმა კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. 35 დეპუტატმა მხარი კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა. მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ ყოფილან. ერთადერთი პარლამენტარი აღმოჩნდა დიმიტრი სამხარაძე, ვინც კანონპროექტს კვლავ მიემხრო და კენჭისყრაზე მის სასარგებლოდ მისცა ხმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 14 თებერვალს დააინიცირეს და პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს. მას შემდეგ, პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქციები, ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში დაიწყო. ინიციატორებს გადაწყვეტილებაზე ხელის აღება დასჭირდათ.
პარლამენტის ბიუროს სახელზე 9 მარტს დარეგისტრირებულ განცხადებაში ნათქვამია: „საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ (07-3/293/10; 14.02.2023). როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობაში გამართული პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე, ინიციატორებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვითხოვოთ ინიციირებული საქართველოს კანონის პროექტი.“ განცხადებას ხელს სოზარ სუბარი და „ხალხის ძალის“ სახელით ცნობილი გუნდი აწერს.
მმართველი გუნდი კვლავ ფიქრობს, რომ ჩაგდებული კანონპროექტი სარგებლის მომტანი იქნებოდა. უკან დახევას ისინი იმით ხსნიან, რომ ანგარიში გაუწიეს ერთის მხრივ მოქალაქეებს - რადგან „კარგად ვერ აუხსნეს“ კანონის არა-რუსულობა და პოზიტიურობა და მეორეს მხრივ, ახალგაზრდები „დაინდეს“და „გაუფრთხილდნენ“.
„არა რუსულ კანონს“ - ასეთი გახლდათ საპროტესტო აქციების სულისკვეთება. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გამოსულ მოქალაქეებს შორის ახალგაზრდების განსაკუთრებული სიჭარბე იგრძნობოდა. სტუდენტები იყვნენ მთავარი მომხსენებლები და პროტესტის ძალისა და მუხტის შემომქმედები. ეს ფაქტი მმართველი გუნდისთვისაც გასათვალისწინებელი და მხედველობაში მისაღები აღმოჩნდა, პრაქტიკულ დონეზე.
„ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო, ეს არის პირველი მიღწევა ამ კანონპროექტის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ 10 მარტს, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა. რამდენიმე დღის წინ ის „აგენტის“ მნიშვნელობას პოზიტიურ კონტექსტში განმარტავდა და აცხადებდა, რომ „აგენტი არაა სათაკილო სიტყვა, არსებობს დაზღვევის აგენტი, სოციალური დაცვის აგენტი“ და სხვა და რომ ეს არ უნდა გავაიგივოთ სიტყვა „ჯაშუშთან“.
მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მიმართაც კითხვის ნიშნები აქვთ.
„ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები, როგორიც არის მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე. ასევე, როგორც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, PVT-ის გაყალბება, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან. ეს ორგანიზაციები, სინამდვილეში, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები - ეს არის მეორე ინფორმაცია, რაც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართველ საზოგადოებას და ძალიან ცხადად და მკაფიოდ. და მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელება „ბაკურიანის გეგმა“ ანუ NGO-ების ხელით საქართველოში „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა. ამისთვის მადლობას ვუხდი „ხალხის ძალის“ გუნდს, რომელმაც დააინიცირა და თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭრია პირველი მოსმენის დროს ამ კანონპროექტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ამერიკის ხმა“ ესაუბრა ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ მართალია, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია რამდენიმე თვეა გამოწვევებთან გამკლავების რეჟიმშია და შიდა საკითხების დალაგების პირობებში მუშაობს, თუმცა სამოქალაქო პროტესტი იმდენად საყოველთაოა, რომ ყველაფერი სხვა მნიშვნელობას კარგავს.
„ახლა ჩვენ ვიდექით ეგიზისტენციალური საფრთხის წინაშე. ამას სრულიად ცხადად ვგრძნობდი და როგორც ჩანს, არა მხოლოდ მე. რომ არა ამ საფრთხის ნამდვილობა, საზოგადოებას არაფერი გააერთიანებდა. „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა იზოლაციაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ამიტომ მათ მხოლოდ დათმობაზე წასვლის რესურსი აქვთ ახლა. დღეს მთავარია ის, რასაც ვხედავთ - საზოგადოების კონსოლიდაცია საქართველოს ისტორიული არჩევანის გარშემო. ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიაზრა, როგორი დიდი საფრთხის წინაშე დადგა სახელმწიფო,“- განაცხადა ნიკა მელიამ.
აქციებზე საზოგადოების კონსოლიდირებულობა, მართლაც, იგრძნობოდა. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონს რუსულს უწოდებენ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები. „ამერიკის ხმამ“ მიხეილ ჯანელიძე ჩაწერა, საგარეო საქმეთა მინისტრი 2015-2018 წლებში. ის საპროტესტო აქციაზე , მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. „დღეს აქ ვარ იმისთვის, რომ როგორც საქართველოს ყველა მოქალაქემ, მშვიდობიანად, დემოკრატიული პროცესით გააპროტესტოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა ძალამ. ეს კანონი არის არაკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მომავალს, იმას რაც არიც ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი. მე დარწმუნებული ვარ, ეს პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ჩვენი ევროპული მომავალი იქნება გარანტირებული. ამისთვის ვდგავარ მე აქ,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
„ქართული ოცნება“ მიგვათრევს რუსეთისკენ. შეუძლებელია, ბრძოლა მათ წინააღმდეგ წარუმატებლობით, ან დაღლით დასრულდეს, როგორც „ქართული ოცნება“ახერხებდა ხოლმე აქამდე. მთელი ავტორიტეტული საზოგადოებრივი აზრი შეკრებილია ევროპის, საქართველოს მომავლისა და ღირსებისკენ ორიენტირებულ გზაზე. მეორე მხარეს დგას ლალი მოროშკინა და მიხეილ ყაველაშვილი. მგონი, ამით ყველაფერი ნათელია. იმედიანად, მშვიდად, სტაბილურობით, ქართულ ოცნებას დავასრულებთ, უბრალოდ გაღიმებულები, ყოველგვარი აგრესიულობისა და მძიმე შედეგების გარეშე. ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ევროპა“,- ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ირაკლი კუპრაძე, ლელოს წარმომადგენელი.
სამი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. მათ შორის წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, მხუთავი გაზი. დააპატიმრეს 133 მოქალაქე. ხელისუფლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს შორის, კანონპროექტის უკან გაწვევასთან ერთად, დაკავებულთა განთავისუფლების საკითხიც დადგა. ხელისუფლებამ ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა მათ საქმეეზე, ვინც პატიმრობიდან გაუშვეს, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესები გაიმართება.